გიგა ბოკერია - წარსული, თავისი წარმატებებითა და ჩავარდნებით, არის წარსული, ახლა უნდა გვქონდეს მომავლის ხედვა
გიგა ბოკერია - წარსული, თავისი წარმატებებითა და ჩავარდნებით, არის წარსული, ახლა უნდა გვქონდეს მომავლის ხედვა

წარსული, თავისი წარმატებებითა და ჩავარდნებით, არის წარსული, ახლა უნდა გვქონდეს მომავლის ხედვა, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, მძიმე კრიზისსა და გაჭირვებაში სწორედ „ევროპულ საქართველოს“ აქვს კონკრეტული მომავლის ხედვა, რომელიც ქვეყანას აუცილებლად მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს.

„მე, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, ჩემთვის თქვენ ყველანი ხართ ის ლიდერები, აქ მყოფ ადამიანებთან ერთად, ვისი პასუხისმგებლობაც არის, რომ ეს ჭაობი რომელიც შექმნა ივანიშვილის რეჟიმმა დასრულდეს, რომ მოვიდეს გარდამტეხი ცვლილება.

და უბრალოდ, ისე კი არა, ივანიშვილი არ იყოს და რაღაცა იქნება. არა, სწორი გეზით, სწორი კომპასით, ქვეყნის წინსვლით და არა წარსულში ყურებით, წინ წაყვანა საქმის ყველა მოქალაქისთვის – ეს არის თქვენი, ჩვენი პასუხისმგებლობა, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ რომ, „ევროპული საქართველო“, თქვენი ლიდერობით, აუცილებლად შევასრულებთ.

ყველა შეთანხმებულია, რომ ეს ხელისუფლება უნდა დასრულდეს. მაგრამ ჩვენ „ევროპული საქართველო“ სხვებისთვის იმისგან განვსხვავდებით იმით, რომ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ხედვა, პასუხისმგებლობა, ვალდებულება იმისა, რას გავაკეთებთ.

ვიცით, რომ მთავრობა უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ პირობები შეუქმნას ხალხს, რომელსაც უნდა საკუთარი შრომით ბედნიერების მოპოვება. რაც დღეს ხდება, ყველა ჩვეულებრივი მოქალაქის ხარჯზე მთავრობის ბიუროკრატები თავს იმდიდრებენ – ეს არის ამოსავალი წერტილი ივანიშვილის რეჟიმის და ეს არის მთავარი საკითხი, რაშიც უნდა მოხდეს გარდატეხა. ჩვენ დავწევთ გადასახადებს, კერძო საკუთრებაში მივცემთ ქონებას ხალხს და მივცემთ ყველას შანსს, რომ საკუთარი შრომით, საკუთარი გარჯით მოიპოვოს კეთილდღეობა და მთავრობა იყოს მისი უსაფრთხოების დამცველი, გარე საფრთხისგან დამცველი და არავითარ შეთხვევაში ის ცუდი ძიძა, რასაც ივანიშვილის მთავრობა გვთავაზობს დღეს და რასაც წერტილს დავუსვამთ.

მოკლედ, ყველამ ერთად, „ევროპული საქართველოს“, თქვენი ლიდერობით უნდა ვიაროთ წინ, არ ვიყუროთ ნოსტალგიით უკან, მათ შორის ისინიც, რომლებიც ოდესღაც მთავრობაში ვიყავით, რადგან წარსული, თავისი წარმატებებითა და ჩავარდნებით, არის წარსული და უნდა გვქონდეს ხედვა მომავლის. თქვენ ხართ მომავლის ლიდერები და ჩვენ ერთად მოვახდენთ გარდამტეხ ცვლილებებს ამ ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ ღონისძიებაზე, რომელზეც „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სია წარადგინა.