გიგა ბოკერია - წარმოდგენილი გვაქვს გეგმა, ვიცით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ, რომ მოქალაქეებს ტვირთი შეუმსუბუქოს
გიგა ბოკერია - წარმოდგენილი გვაქვს გეგმა, ვიცით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ, რომ მოქალაქეებს ტვირთი შეუმსუბუქოს

შემოტანილ საქონელზე ფასების ავარდნამ მყისიერად იმოქმედა საშუალო კლასზე და გაჭირვებულებზე. ახლა მიმდინარეობს ათასი სპეკულაცია და მოწოდებები, სესხები კვლავ გადავადდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოს“ აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც შედეგს სწრაფად აჩვენებს და მოქალაქეებს ტვირთს მყისიერად შეუმსუბუქებს.

„ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ლარი გაუფასურდა, ჯამში 1.65-დან 3.13 ლარამდე, დოლართან მიმართებით. მარტო ამ იანვარ-სექტემბრის განმავლობაში რომ დავითვალოთ, 30 თეთრით არის გაუფასურებული ლარი. ამან დაარტყა პირველ რიგში, იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ სესხი აღებული. „კოვიდის“ დროს და ზოგადად პანდემიის პირობებში ეს არის უმძიმესი ვითარება ადამიანებისთვის. მათთვის, ვისაც გაუდაუვადეს სესხები, პრობლემა არ დამთავრდა და ისევ მწვავედ დგას საკითხი. საერთოდ ყველას დაარტყა, იმიტომ რომ შემოტანილ საქონელზე ფასების ავარდნამ მყისიერად იმოქმედა საშუალო კლასზე და გაჭირვებულებზე. ახლა მიმდინარეობს ათასი სპეკულაცია და მოწოდებები, სესხები კვლავ გადავადდეს. არის აგრესიული განცხადებები, რომ ეს უნდა მოხდეს სასწრაფოდ. ჩვენ არ ვიცით, როგორ მოიქცევიან ბანკები ან მთავრობასთან რა მოლაპარაკებები აქვთ.

ჩვენ ვიცით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ იმისთვის, რომ ყველას შეუმსუბუქოს ტვირთი მყისიერად და მისცეს შესაძლებლობა ბანკებს, პროცენტებმა დაიწიოს და რეალურად შესაძლებელი იყოს სესხის არა მხოლოდ ერთი თვით გადავადება, არამედ გრძელვადიანად ამ პრობლემის მოხსნა. ერთადერთი გამოსავალი არის სწრაფად წნეხის დაწევა ყველა მოქალაქისთვის და გადასახადების დაწევა. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ჩვენ მიერ დათვლილი გეგმა, თუ რა და როგორ უნდა მოხდეს იგივე გადასახადების დაწევისას, საშემოსავლოს თუ აქციზის გადასახადის შემცირებისას. ეს ცვლილებები არის აუცილებელი: 1. ტურიზმის ამ უაზრო შეზღუდვების უსაფრთხო ქვეყნებზე მოხსნა, 2. გადასახადების დაწევა როგორც საშემოსავლო, ისე დღგ როგორც დამსაქმებელზე, ისე დასაქმებულზე 3. საწვავის აქციზის დაწევა 25 პროცენთით, 4. საბანკო რეგულაციების მოხსნა. აი, ეს არის ის ნაბიჯები, რომელიც სწრაფად მოგვცემს შედეგს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.