გიგა ბოკერია - ვითარებაში, როცა საქართველოს ნებისმიერი პრემიერ-მინისტრი დაკავებული უნდა იყოს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მოპოვებით, ღია სიგნალს უგზავნის, თავი დაგვანებეთო
გიგა ბოკერია - ვითარებაში, როცა საქართველოს ნებისმიერი პრემიერ-მინისტრი დაკავებული უნდა იყოს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მოპოვებით, ღია სიგნალს უგზავნის, თავი დაგვანებეთო

ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტ მიშელის მიერ ჩამოყალიბებული ყველა პუნქტი თუ არ არის შეთანხმების ნაწილი, ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა, განსაკუთრებით ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების, მელიასა და რურუას განთავისუფლების საკითხი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ამ რეჟიმისთვის, ამ პოლიტიკური კლოუნებისთვის ის დამატებითი ზიანი, რაც ქვეყანას მიადგა და ადგება მათი პოზიციის გამო, რომელიც, სხვათა შორის, აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ჩვეულებრივი მოქალაქეების, პირველ რიგში, არ არის საზრუნავი, მათი საზრუნავი არის ძალაუფლების შენარჩუნება და ამისთვის, ამ ამოცანისთვის ისინი საფრთხედ მიიჩნევენ საერთაშორისო ჩართულობასაც. მოკლედმხედველები არიან, ვერ ხვდებიან, რომ ამ დამოკიდებულებით ამძიმებენ ქვეყნის მდგომარეობას, რაც მათ ნაკლებად აღელვებთ, და საკუთარ მომავალ ბედსაც. ამის დემონსტრირება იყო ახლა, დღეს, დღევანდელ ვითარებაში, როცა საქართველოს ნებისმიერი პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას მოიპოვებდეს საქართველოს დასახმარებლად ეკონომიკაში, ჯანდაცვაში, ყველაფერში, ღია სიგნალს უგზავნის, თავი დაგვანებეთო, მაშინ, როცა ძალიან მკაფიო გზავნილი იყო ჩვენი პარტნიორებისგან, რომ დღევანდელი სტატუს კვო არის მათთვის სერიოზული პრობლემა და ეს აისახება მათ ურთიერთობაზე საქართველოს მთავრობასთან, აქედან გამომდინარე, სანამ ეს სამარცხვინო მთავრობა გვყავს, საქართველოზეც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რასაც ყოველთვის ვამბობ ხოლმე, ასეთი მთავრობა საქართველოს აღარასოდეს აღარ უნდა ჰყავდეს, როგორიც არის ივანიშვილი და მისი ნებისმიერი კლოუნი, გინდ ღარიბაშვილი იყოს და გინდა, ხვალ სხვა იყოს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ღია განაცხადია, რომ ხელისუფლებას აღარ უნდა ლაპარაკი, ანუ დღევანდელ სტატუს კვოს ინარჩუნებს. ბოკერიას განცხადებით, აღნიშნულს მოჰყვება შედეგები, მათ შორის, საქართველოსთვის დახმარების თვალსაზრისით.

„ახლა ასოცირების ხელშეკრულებაზე როცა იძახი, რომ მინდა, ამას მოჰყვება ის ვალდებულებები, როგორი ქვეყანა უნდა იყო და თუ ასეთი არ ხარ, მაშინ გაქვს პრობლემები, ასეთია თავისუფალი სამყაროს თამაშის წესი. ეს პუტინის რუსეთი არ არის, რომ მუშტი დაგიბრახუნონ, დაგაზიანონ და თავს დაგესხნენ“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების შესახებ დასმულ კითხვას, რომ მათ კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, რადგან ოპოზიცია არ აწერდა, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას შეეძლო ხელმოწერა და ამ შემთხვევაში, შეთანხმების ჩავარდნა ოპოზიციას დაბრალდებოდა.

„მაშინ მოეწერათ ხელი, თუ აზრს კარგავდა, ეს მთლიანად ​დაბრალდებოდა ოპოზიციას. მე ხაზს ვუსვამ, მათგან განსხვავებით, ჩვენ მკაფიოდ ვლაპარაკობთ მათ შორის პარტნიორებთანაც ხომ. ეს რაღაც სამმაგი ლაპარაკი არ გვახასიათებს „ევროპულ საქართველოს“ და ჩვენი პარტნიორების დიდ ნაწილს, რაც მიგვაჩნია სწორად ქვეყნისთვის, იმაზე უნდა თქვა, რომ სწორია. ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტ მიშელის მიერ ჩამოყალიბებული ყველა პუნქტი თუ არ არის შეთანხმების ნაწილი, ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა, განსაკუთრებით ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების, მელიასა და რურუას განთავისუფლების საკითხი. ვთქვით, რომ ამის გარეშე არ გამოვა, მაგრამ შესაძლებლობა იყო ნაბიჯის წინ გადადგმა იმ დანარჩენ სამ საკითხზე, რომლებიც ასევე იდეალური კი არ იყო, მაგრამ იმისთვის, რომ კომპრომისი შედგეს, ოპოზიცია მზად იყო. ამაზეც კი უარი თქვეს და რატომ, იმიტომ, რომ როცა იცი, ლეგიტიმაცია არ გაქვს, რომ ხალხის მხარდაჭერით არ ხარ ხელისუფლებაში, როცა ივანიშვილისნაირი პოლიტიკური პარანოიის მქონე ადამიანი არის შენი ხელმძღვანელი და 8 მარტის შეთანხმებაზე ხელები დაიწვით, ასე ესმით, ასეთი ინსტრუქცია აქვთ, რომ რამეზე შემთხვევით ხელი არ მოგეწერინოს, რაც მერე აღმოჩნდება, რომ ის არ ყოფილა, რაც ბიძინას უნდოდა. ეს მოდუსი აქვთ, ოღონდ ეს კიდევ ერთი მახასიათებელია, რომ ასეთი მთავრობა არ შეიძლება, გყავდეს არც ერთ შემთხვევაში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე როგორია ოპოზიციის გეგმები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ მანამდე როგორიც იყო, ისეთი რჩება.

„ქვეყნის შიგნით საპროტესტო აქციების გაგრძელება, გაფართოება, ოღონდ მშვიდობიან ფარგლებში, არსებითად ყოვლისმომცველ პროტესტამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მისვლა. ეს არა მარტო პარტიების, არამედ მთელი საზოგადოების საქმეა, ჩემი აზრით და ქვეყნის გარეთ მუშაობის გაგრძელება საერთაშორისო წნეხზე, იმ თავისუფალი სამყაროს ინსტიტუტების, ქვეყნების, რომლებიც ქართული საზოგადოების არჩევანს უჭერენ მხარს და ამ არჩევანს საფრთხეს უქმნის ივანიშვილი“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, თუ არის მოლოდინი, რომ კრისტიან დანიელსონი ისევ ჩამოვა საქართველოში, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ არ იცის.

„არანაირ პროგნოზებს არ გავაკეთებ. ჩვენ ყველა შანსს ყოველთვის გამოვიყენებთ. თუ არის შანსი ასეთი რეჟიმის პირობებში, მით უმეტეს, რომ მოლაპარაკების გზით მოხდეს ვითარების განმუხტვა, მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს და ძალაუფლებიდან მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ეს ქვეყნისთვის უზარმაზარი საფრთხე, ივანიშვილი და მისი გარემოცვა“ – განაცხადა გიგა ბოკარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მმართველ პარტიას არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დროის დახარჯვა აღარ სურს. „დავრწმუნდით, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს არ ეყოთ არც გამბედაობა და არც გონიერება, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე. დღეს, როცა ვითარება ყველასთვის ცხადია, უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ამ ახირების განხილვაზე და მთლიანად ვორიენტირდეთ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ხალხს და ქვეყანას აწუხებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.