გიგა ბოკერია - ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველომ უნდა შეასრულოს
გიგა ბოკერია - ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველომ უნდა შეასრულოს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეასრულოს.

ამასთან, მისი თქმით, არ უნდა განმეორდეს პრობლემა, როცა სახელმწიფო ორგანიზებულ დანაშაულს ებრძოდა, მაგრამ სტანდარტებს არ იცავდა.

„უნდა შეასრულოს საქართველომ გადაწყვეტილება. ასევე არასდროს არ უნდა მოხდეს პრობლემა, რაც მაშინ არსებობდა, როცა მიმდინარეობდა აქტიური ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, კრიმინალთან, ოღონდ ამ ბრძოლის დროს სახელმწიფო ვერ ან არ იცავდა, ვგულისხმობ საკუთარ თავს, იმ სტანდარტს, რომელიც უნდა დაეცვა.

ჩვენი დღევანდელი პრობლემა იმაშია, რომ სახელმწიფო აღარ ებრძვის ორგანიზებულ დანაშაულს და შეკრულია ორგანიზებულ დანაშაულთან. ამას ვხედავთ ყველა არჩევნებზე და ეს არ არის პროგრესი იმ პრობლემიდან, სადაც ვიყავით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, პროგრესია ორგანიზებულ დანაშაულთან, კრიმინალთან ბრძოლის გაგრძელება, ოღონდ სტანდარტების დაცვით.

„ჩვენი ხელისუფლება უკუღმა წავიდა, ნაცვლად იმისა, რომ წინ გადაედგა ნაბიჯი“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.