გიგა ბოკერია - ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი იყო, მისი მაგალითი მომავლისთვის გაკვეთილი უნდა იყოს, რომ არავის მიმართ იგივე არ მოხდეს
გიგა ბოკერია - ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი იყო, მისი მაგალითი მომავლისთვის გაკვეთილი უნდა იყოს, რომ არავის მიმართ იგივე არ მოხდეს

მთავრობა არ უნდა წყვეტდეს, ვინ იჯდეს ციხეში, ეს უნდა ირკვეოდეს სამართლიანი სასამართლოს პირობებში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიგა ბოკერიას თქმით, ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი იყო და მისი მაგალითი მომავლისთვის გაკვეთილი უნდა იყოს.

„ვანო მერაბიშვილი არის ჩვენი დიდი ხნის მეგობარი. ის იყო პოლიტპატიმარი. მისი მაგალითი მომავლისთვის უნდა იყოს გაკვეთილი, რომ არავის მიმართ იგივე რამე არ მოხდეს. იმათ მიმართ, ვინც მე არ მომწონს ან ვიღაცას მიაჩნია დამნაშავედ, პოლიტიკური დაკვეთით ციხეში არავინ შეიძლება იჯდეს. ნებისმიერ შეთხვევაში კანონის უზენაესობა გულისხმობს, რომ მთავრობა არ უნდა წყვეტდეს ვინ იჯდეს ციხეში, ეს უნდა ირკვეოდეს სამართლიანი სასამართლოს პირობებში. ​დევნა არ უნდა იყოს დამოკიდებული იმ მომენტში ხელისუფლებას პოლიტიკურად ვინ აწუხებს და ვინ არა, ეგ არის კანონის უზენაესობის საპირისპირო“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ გეგმებს, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ განცხადებას თავად მერაბიშვილი გააკეთებს.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა.

როგორც მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა, „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.