გიგა ბოკერია - ვადამდელი არჩევნები რომც დაინიშნოს, თუ ვერ ახერხებ მეტი ადამიანის ჩართვას, შეიძლება, იგივე შედეგი დადგეს და შემდეგ ისევ დაიწყება ლაპარაკი, რომ ეს არ იყო სამართლიანი არჩევნები
გიგა ბოკერია - ვადამდელი არჩევნები რომც დაინიშნოს, თუ ვერ ახერხებ მეტი ადამიანის ჩართვას, შეიძლება, იგივე შედეგი დადგეს და შემდეგ ისევ დაიწყება ლაპარაკი, რომ ეს არ იყო სამართლიანი არჩევნები

ვადამდელი არჩევნები რომც დაინიშნოს, რაც არის და რჩება ჩვენს ამოცანად, თუ ვერ ახერხებ მეტი ადამიანის ჩართვას, შეიძლება, იგივე შედეგი დადგეს და მერე ისევ დაიწყება ლაპარაკი, რომ ეს არ იყო სამართლიანი არჩევნები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პროცესში მეტი ადამიანის ჩართვა.

„ყველას აქვს რეალისტური შესაძლებლობები, ხომ? ჩვენი ამოცანაა, იმ ღირებულებების მატარებელ ადამიანებთან, რომლებიც ახლოს არიან ჩვენთან, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო ჰქონდათ სკეპციზი ან არ მოვიდნენ არჩევნებზე, ან ზოგადად პოლიტიკური კლასის მიმართ აქვთ გული აცრუებული, მათთან პირდაპირ კონტაქტზე გავიდეთ სოციალური მედიით, ფიზიკური შეხვედრებით, შევკრიბოთ ეს ხალხი იმ დისკუსიით, რომელიც გვექნება და ვუზრუნველყოთ მათი პოლიტიკურ პროცესში ჩართვა, იქნება ეს ვადამდელი არჩევნები, თუ ვადამდელი არჩევნებისთვის საჭირო პროტესტი. ვადამდელი არჩევნები რომც დაინიშნოს, ან დანიშნულიყო, რაც არის და რჩება ჩვენს ამოცანად, თუ ვერ ახერხებ მეტი ადამიანის ჩართვას, შეიძლება, იგივე შედეგი დადგეს და მერე ისევ დაიწყება ლაპარაკი, რომ ხო, ეს არ იყო სამართლიანი არჩევნები, შემდეგ შედეგი რა არის აქედან?“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას განმარტებით, საპროტესტო მოძრაობა ოპოზიციისთვის უნდა იქცეს რუტინად და მოქალაქეებს შეუქმნან სწორი წარმოდგენა, რომ ეს არის სამწუხაროდ ხანგრძლივი ბრძოლა.

„პირველი, რაც ახლა მყისიერად უნდა გაკეთდეს, ჩვენ ყველა მოქალაქეს, ვინც ამ პროცესში უკვე ჩართულია და სხვებს, უნდა შევუქმნათ სწორი წარმოდგენა, რომ სამწუხაროდ, ეს არ არის წამების, დღეების და კვირების საკითხი ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების, როგორც არ უნდა გაბრაზდნენ. მეორე – ეს საპროტესტო მოძრაობა, ამ სიტყვის კარგი გაგებით, უნდა იქცეს ოპოზიციისთვის რუტინად. ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ამ ტიპის პროტესტი იქნება სხვადასხვა ინტენსივობით პერმანენტულად, სხვადასხვა ჩართულობით და რა თქმა უნდა, ბევრ სხვა გარემოებაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, რა მომენტში იქნება ის იმ სიმწვავის, რომ მოუწევს დათმობაზე წასვლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებ ამისას მყისიერად.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მთლიანად საზოგადოებას, აქტიურ ხალხს, თუ არის პოლიტიკური კრიზისი და თუ გვინდა ყურადღება, კრიზისის გაფორმება, როგორც არ უნდა განაწყენდნენ ზოგიერთი საერთაშორისო პარტნიორები, მაშინ უნდა მოხდეს ამ არალეგიტიმური პარლამენტის დეფაქტო ერთპარტიულად დატოვება, ეს იქნება ფაქტორი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში.