გიგა ბოკერია - უზნეოა შალვა შავგულიძის მიმართ ტალახის გამოყენება, თან ვისგან
შალვა შავგულიძე იყო ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ოპონენტი წინა ხელისუფლების საქმეში, რომელიც ყველაზე დიდი სირცხვილია იმ გუნდისა, რომელსაც მე წარმოვადგენდი, – ამის შესახებ დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.
მისი თქმით, ხელისუფლება ბედავს და ტალახს ესვრის შალვა შავგულიძეს.
„მინდა, გაგახსენოთ საპრეზიდენტო არჩევნები, რომელმაც ცოტა ხნის წინ ჩაიარა და ზოგადად, ვინ არიან თქვენი, ივანიშვილის გუნდისა და აქ მსხდომი ხალხის მოკავშირეები. ისინი ხომ არ არიან, ვინც ზუსტად ამას აკეთებს დღეს, ვინც აღვივებს შუღლს. გადახედეთ გვარებს, ჩახედეთ სოციალურ ქსელებში, მოუსმინეთ ამ დარბაზში ვინ გამოდის. ხვალაც ესენი თქვენი მოკავშირეები უნდა იყვნენ, ახლა სადღეგრძელოებს რომ გვეუბნებით მშვიდობაზე? ესენი არიან თქვენი მოკავშირეები, ვინც ზუსტად ამას აკეთებს, ქვეყანას აზიანებს დღეს, იმას აკეთებს, რაზეც მოუწოდებთ, ნუ იზამთო. ვინ არის თქვენი მტერი, ვის უკითხავთ ზნეობას, ბედავთ ამას და ტალახს ასხამთ შალვა შავგულიძეს. შალვა შავგულიძე არის ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ოპონენტი წინა ხელისუფლების, ჩემი გუნდის იმ საქმეში, რომელიც არის ყველაზე დიდი სირცხვილი გუნდის, რომელსაც წარმოვადგენდი, ჩემი გუნდის ყველაზე მძიმე პოლიტიკური დანაშაული და სირცხვილი. ეს კაცი შემდეგ იყო თქვენს გუნდში და დაინახა, სანამ სარალიძის საქმე მოხდებოდა, სანამ ურემი გადატრიალდებოდა, რომ ქვეყანა მიგყავდათ ივანიშვილსა და თქვენ არასწორი გზით, ამიტომ პრინციპულად დაგშორდათ“, – განაცხადა უმრავლესობის წევრების მისამართით გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, ამის შემდეგ შალვა შავგულძემ იპოვა საერთო ენა გუნდთან, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს გაცნობიერებული.
„შემდეგ მან იპოვა საერთო ენა გუნდთან, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე აღიარებს ამას და ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რათა ასეთი ამბები აღარ ხდებოდეს არც ერთი ხელისუფლების პირობებში. რამდენადაც სამართლიანია ჩემს მიმართ პრეტენზია, ვიღაცამ თქვას, რომ არ გპატიობთ და თქვენი ბრალიაო, იმდენად უზნეოა შალვა შავგულიძის მიმართ ამ ტალახის გამოყენება, თან ვისგან?! დარბაზში ზის ვანო ზარდიაშვილი, ზურაბ ადეიშვილის თანაშემწე და მარჯვენა ხელი იყო ბოლო წამამდე, თავისი კარიერა ააწყო იქ მიღწეული ურთიერთობებით, მერე კი, გადახტა ახალ მთავრობაში; მეორე – გაგა კახიანი, დათო საყვარელიძის შტაბის უფროსი იყო არჩევნებში 2012 წლამდე; კახა კალაძე, ფინანსური პრობლემა რომ არ ჰქონოდა, იყო სააკაშვილის სახე არჩევნებში. ფული რომ არ მისცა მთავრობამ ფინანსური კრიზისის დროს, შემდეგ წავიდა. ფარცხალაძეზე აღარც ვლაპარაკობ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ამასთან, ბოკერიამ მთაწმინდის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ლადო კახაძეს ყველა მთავრობის მედროვე უწოდა.
„ჯერ ერთი ოპოზიციიდან გავიდა და გადავიდა „მოქალაქეთა კავშირში“. შემდეგ ჩვენი მთავრობის დროს რომ ვერაფერი მიიღო, ძაან უნდოდა, მივიდა ბურჭულაძესთან თქვენ დროს და იმედი ჰქონდა, მოიგებდა. ბურჭულაძემ რომ წააგო, გადმოხტა თქვენთან, მთავრობასთან, ვინც ბურჭულაძეს დევნით. უსინდისო და უპრინციპო ხალხი უკითხავთ მორალს შალვა შავგულიძეს, ანუ აბსოლუტურად უზნეო ხალხი, რომელსაც სურს, რომ ყველა მთავრობასთან იყოს, ჩვენს მთავრობასთან ბოლო წამამდე იყო და გადახტა შემდეგ თქვენს მთავრობაში და მიიღეთ. ახლა შალვა შავგულიძეს, რომელიც არის პრინციპული კაცი, ჩვენც გვიპირისპირდებოდა, სადაც მართალი იყო და ჩვენ მტყუანი, თქვენ დაგშორდათ, რადგან დაინახა, რომ უფსკრულისკენ მიაქანებთ ქვეყანას, იმას ასხამთ ტალახს, თან რაზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ პარლამენტის სხდომაზე.