გიგა ბოკერია - უპასუხისმგებლობაა, ვინმეს აძლევდე გარანტიას, თუნდაც განცდას, ჩამოდი და ვერ დაგიჭერენ, იმას პირდებოდე პარტნიორს, მით უმეტეს შენი პარტიის ლიდერს, რაც ხელში არ გიჭირავს
გიგა ბოკერია - უპასუხისმგებლობაა, ვინმეს აძლევდე გარანტიას, თუნდაც განცდას, ჩამოდი და ვერ დაგიჭერენ, იმას პირდებოდე პარტნიორს, მით უმეტეს შენი პარტიის ლიდერს, რაც ხელში არ გიჭირავს

განცხადება, რომ მეორე ტურამდე უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი და ამაშია გასაღები, მცდარი იყო, ყოფილი პრეზიდენტის, რომელსაც ასე ამაზრზენად მოექცნენ, გათავისუფლება ლეგიტიმური მოთხოვნაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეალისტურია, მეორე ტურამდე ამაში იყო გასაღები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ პირიქით საუბრობდა, რომ მეორე ტურზე მოქალაქეების მობილიზება იყო ნაბიჯი პოლიტიკური დევნის შეჩერებისკენ.

„ჩვენ მიგვაჩნდა, განცხადება იმის თაობაზე, რომ მეორე ტურამდე უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი და ამაშია გასაღები, მცდარი იყო, არა იმიტომ, რომ გათავისუფლება არ არის სწორი მოთხოვნა, ყველა პოლიტპატიმრის, განსაკუთრებით, ყოფილი პრეზიდენტის, რომელსაც ასე ამაზრზენად მოექცნენ, გათავისუფლება ლეგიტიმური მოთხოვნაა, როცა მთავრობა პირდაპირ გიცხადებს, იმიტომ დავიჭირეთ, რომ პოლიტიკიდან არ წავიდაო. არც უარყოფენ პოლიტიკურ მოტივს, მაგრამ სააკაშვილის გათავასუფლების მოთხოვნა რომ ლეგიტიმურია, ეს არ ნიშნავს, რომ რეალისტურია ხომ, რომ მეორე ტურამდე ამაში იყო გასაღები. ჩვენ ვამბობდით პირიქით, მეორე ტურზე მოქალაქეების მობილიზება იყო ნაბიჯი პოლიტიკური დევნის შეჩერებისკენ, რაც მოხდება მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანად მორყევის ან შეცვლის შემდეგ.

ჩვენ ვთავაზობთ მთელ საზოგადოებას თანმიმდევრულობას და გავაცნობთ დეტალებსაც, როგორია ჩვენი ხედვა. თუ ვერ შევჯერდებით, ყველა თავის გზაზე წავა საზოგადოებასთან კომუნიკაციაში და ეს არ იქნება კარგი. მე ვისურვებდი, რომ იმ პოზიციაზე, რომელიც მე სწორი მგონია, იდგნენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც, ჩემი აზრით, არასწორ პოზიციაზე დგანან. მაგრამ თავს ზემოთ ხომ ძალა არ არის. მოჩვენებითი ერთიანობისთვის დათანხმება ან გაყოლა დინებას, რომელიც იმედგაცრუებას იწვევს, ან არასერიოზულად აღიქმება, და პირიქით, ახალისებს პოლიტიკის და ზოგადად, საპროტესტო პოლიტიკის მიმართ უიმედობას…“, – განაცხადა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში და აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ ხედვაში მიხეილ სააკაშვილის საკითხს ბუნებრივია, ადგილი უკავია.

„პოლიტიკური დევნა სააკაშვილის დაჭერამდეც იყო წყევლა ამ ქვეყნის“, – დასძინა ბოკერიამ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, „როგორ ფიქრობთ, ექვსი წელი მოუწევს მიხეილ სააკაშვილს ციხეში ჯდომა?“, – ბოკერიამ აღნიშნა, რომ იმედი აქვს, ასე არ იქნება, თუმცა გარანტიებზე საუბარი უპასუხისმგებლობად მიაჩნია.

„მე იმედი მაქვს, რომ არა, ოღონდ, სხვებისგან განსხვავებით, გინდა, ჩამოსვლაზე, გინდა ამ ამბავზე, უპასუხისმგებლო განაცხადს, რომ ვინმეს აძლევდე გარანტიას კიარა, თუნდაც განცდას, რომ ხელში გიჭირავს რაღაცა, რომ ჩამოდი და ვერ დაგიჭერენ, ვინც ეუბნებოდა მისი პარტიიდან, უპასუხისმგებლობაა, თუ შენ რაც ხელში არ გიჭირავს იმას პირდები პარტნიორს, მით უმეტეს, შენი პარტიის ლიდერს. პრინციპიალური საკითხია მისი პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ოღონდ ეგ არ ნიშნავს, რომ ტყუილი ვუთხრათ საზოგადოებას, თუნდაც პოლიტპატიმარს, რომ ახლავე შევძლებთ შენს გათავისულფებას ისე, რომ ივანიშვილის რეჟიმი იქნება ხელისუფლებაში, ეს ალოგიკურია“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.