გიგა ბოკერია უკრაინის ამბებზე კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ მიიჩნევს
გიგა ბოკერია უკრაინის ამბებზე კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ მიიჩნევს

მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პოლიტიკურად მოტივირებული იყო, ახლა ეს პრობლემა აღარ არსებობს და ამის მიღმა უკრაინის ამბებზე კომენტარს საერთოდ აღარ გავაკეთებ, – ამის შესახებ ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ განმარტა, ის უკრაინაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ ამბებზე კომენტარებს არ აკეთებს, თუმცა უკრაინელ ხალხს პუტინის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებას უსურვებს.

„ევროპული საქართველოს“ და ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ უკრაინაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ ამბებზე კომენტარებს არ ვაკეთებდით. მხოლოდ წარმატება მინდა ვუსურვო უკრაინელ ხალხს იმ ბრძოლაში, რომელსაც ისინი პუტინის აგრესიის წინააღმდეგ აწარმოებენ. ისინი ჩვენი მეგობარი ხალხია და უკრაინა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. მხოლოდ წარმატებები მინდა ვისურვო მის დემოკრატიულად არჩეულ ნებისმიერ ხელისუფლებას.

სააკაშვილის პასპორტის ამბავი გამონაკლისი შემთხვევა იყო, იმდენად აშკარა პოლიტიკურად მოტივირებული იყო სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. ახლა ეს პრობლემა აღარ არსებობს და ამის მიღმა უკრაინის ამბებზე კომენტარს საერთოდ აღარ გავაკეთებ.

რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებას, ვიდრე ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებაშია და ვიდრე არჩევნებს წააგებენ და ხელისუფლებას დემოკრატიულად და მშვიდობიანად ჩამოცილდებიან, ჩემი მოწოდება იქნება, რომ რაღაც დრო მაინც დაუთმონ იმას, რისთვისაც ხალხმა აირჩია და არა პოლიტიკურ დევნას, ფანტომებთან ბრძოლას. ამით მხოლოდ ქვეყანას აზიანებენ. სააკაშვილის საკითხსაც იგივე შეეხება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.