გიგა ბოკერია - უხერხულობას ქმნის ჩავარდნები, რომლებიც გვქონდა ხელისუფლებაში ყოფნისას, მაგალითად, გირგვლიანის ტრაგედია და არა იმ ადამიანთან გაერთიანება, ვინც გვაკრიტიკებდა
გიგა ბოკერია - უხერხულობას ქმნის ჩავარდნები, რომლებიც გვქონდა ხელისუფლებაში ყოფნისას, მაგალითად, გირგვლიანის ტრაგედია და არა იმ ადამიანთან გაერთიანება, ვინც გვაკრიტიკებდა

აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ადამიანი, ვინც გვაკრიტიკებდა, გახდა ჩვენი გუნდის წევრი, ეს არის დასტური, როგორია ჩვენი გულწრფელი ხედვა და შეცდომების გულწრფელი გაანალიზება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

გიგა ბოკერიამ ამომრჩეველს და სხვა პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ შალვა შავგულიძეს, რომელიც „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკის კანდიდატად დასახელდა შუალედურ არჩევნებზე.

„შეიქმნა ეს ბლოკი, გვყავს საუკეთესო კანდიდატი მთაწმინდის ოლქში. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას და მოქალაქეს, მხარი დაუჭირონ შალვა შავგულიძეს. პოლიტიკურ უხერხულობას ქმნის ის ჩავარდნები, რომლებიც გვქონდა, როცა ხელისუფლებაში ვიყავით, მაგალითად გირგვლიანის ტრაგედია და არა ის, რომ ადამიანი, ვინც სამართლებრივად გვაკრიტიკებდა, დღეს არის ჩვენთან ერთად. პირიქით, ეს და არამარტო ეს, არის იმ გუნდის, რომლის ნაწილიც წლების განმავლობაში ვიყავი. ვინმესკენ კი არ ვიშვერ ხელს, საკუთარ თავზე ვგულისხმობ. ეს არის ის ჩავარდნა, რომელიც ჩვენ მყარად გვაქვს გაცნობიერებული. ჩვენ გვჭირდება ეფექტური ხელისუფლება, მკაცრად გაკონტროლებული და გაცნობიერებული, რათა არასოდეს მსგავს შემთხვევებს ადგილი აღარ ჰქონდეს. ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ადამიანი, ვინც ბუნებრივად გვაკრიტიკებდა, გახდა ჩვენი გუნდის წევრი. პირიქით, ეს არის დასტური, როგორია ჩვენი გულწრფელი ხედვა და შეცდომების გულწრფელი გაანალიზება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.