გიგა ბოკერია უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების მიზნით, საკარანტინო სივრცეების გაორმაგებას ითხოვს
გიგა ბოკერია უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების მიზნით, საკარანტინო სივრცეების გაორმაგებას ითხოვს

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხს ეხმაურება.

მისი განცხადებით, საკითხი უკვე დიდი ხანია, ვერ გადაიჭრა და საქართველოს მოქალაქეები დაწესებული შეზღუდვების გამო, უცხოეთში არიან ჩარჩენილნი.

ბოკერიას თქმით, საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, საკუთარ მოქალაქეებს გონივრულ ვადაში ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა მისცეს.

„საკითხი, რომელიც კვირების განმავლობაში ვერ გადაიჭრა, არის უცხოეთში ჩარჩენილი ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში ვერ ბრუნდებიან იმ შეზღუდვების გამო, რომლებიც ხელისუფლებებმა და ჩვენმა ხელისუფლებამ დააწესეს ლეგიტიმური მიზეზებით, მაგრამ ეს იმ უმძიმეს პრობლემას ვერ ცვლის, რომ ეს ხალხი ვერ ბრუნდება სამშობლოში და დიდი ხანია, მათი მდგომარეობა მძიმეა.

მთავრობის ვალია, საკუთარ მოქალაქეებს გონივრულ ვადაში მისცეს საშუალება, ქვეყანაში დაბრუნდნენ. თითქოს, თვითმფრინავების ვერ შოვნის პრობლემაა. რეალურად, ამ ვითარებაში, ყველაზე მარტივად გადასაწყვეტი საკითხი ეს არის. მთავრობისთვის ფინანსურადაც უფრო მარტივია ეს ან ნებისმიერი შეძლებული ადამიანისთვის, რადგან ფასებმა დაიწია ყველგან. ყველა კომპანია მოწადინებულია, ვინმემ ასეთი დაკვეთა მისცეს. არასწორი დისკუსიაა, თითქოს თვითმფრინავს ვინ იშოვის. მთავრობის მხრიდან გაკვრით ერთხელ ითქვა, რომ პრობლემა არის, საკარანტინე სივრცე არ არსებობს და ვერ იღებენ მოქალაქეებს.

მძიმე შეცდომაა, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ იყო. მომხდარ შეცდომაზე ფოკუსირება საკმარისი არ არის. ამოცანა შემდეგშია – საკარანტინო სივრცის მოგვარება მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში უნდა მოხდეს და რაოდენობა უნდა გაორმაგდეს. თუ არ ვცდები, 6 ათასამდე ადამიანია მოთავსებული.

მინიმუმ ორი ამდენი გვჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ტემპით, რაც მთავრობამ შემოგვთავაზა, ორი თვის განმავლობაში უცხოეთში ჩარჩენილი მოქალაქეები ვერ დაბრუნდებიან სამშობლოში, რაც უმძიმესი ხვედრია“ ,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას განმარტებით, ასეთი მოქალაქეებისთვის საკარანტინო სივრცეები უნდა გამოიყოს და მოწესრიგდეს.

„ორი კვირის განმავლობაში გააორმაგოს საკარანტინე სიცრცე, ამის რესრუსი არის ბიუჯეტში. ყველა ცარიელი სასტუმრო მოწადინებულია და სიამოვნებოთ დათანხმდება მთავრობისგან ასეთი დაკვეთის მიღებას. დისკუსია არასწორია, ჩვენ გიშოვით სასტუმროს, მთავრობას სასტუმროების შოვნა არ სჭირდება, ეს სივრცე არის მოსაწესრიგებელი“ , – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერია ამბობს, რომ პრობლემის გადაჭრამდე, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში ვერ ბრუნდებიან, კომპენსაცია უნდა მისცენ იმ ქვეყანაში, სადაც ისინი იმყოფებიან.

ბოკერია კომპენსაციის თანხად არანაკლებ 600 ევროს ასახელებს.

„ვიდრე ამ პრობლემას გადაჭრიან, ყველა იმ ჩვენს მოქალაქეს, ვინც კვირეებია და მაქსიმუმ ერთი კვირაა, ჩამოსვლას ითხოვს და დარეგისტრირებულია, კომპენსაცია უნდა მიეცეს იმ ქვეყანაში, სადაც არის. არანაკლებ 600 ევროსი. ვინც დღეს დარეგისტრირდება საკონსულოებში, რომ ჩამოსვლა უნდათ და თუ ვადები გაეწელათ, ბუნებრივია, კომპენსაცია მათაც უნდა მისცენ. ასევე იმ ქვეყნის მინიმალური ხელფასის გათვლით, არანაკლებ 600 ევროთი კვირაში, ეს იქნება ჩრდილოეთ ამერიკაში თუ ევროპაში, რათა ამ ადამინებმა შეძლონ ამ ურთულეს ვითარებაში თავის გატანა. გამოვყოფ ორ მთავარ საკითხს – შემდეგ ორ კვირაში გაორმაგდეს საკარანტინო სივრცეები და სანამ ქვეყანაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს ჩამოიყვანენ, მათთვის კომპენსაცია იყოს არანაკლებ 600 ევროსი. უნდა შეწყდეს უაზრო დისკუსია, თითქოს, თვითმფრინავები არ იშოვება ან ვიღაც იშოვის ან არ იშოვის, რადგან მთავრობას ნებისმიერ დროს შეუძლია თვითმფრინავის შოვნა, ამის ფულიც აქვს და არც ნებართვის პრობლემა აქვს“ , – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მთავრობის ხელშეწყობით, ამ დროისთვის საქართველოში უცხოეთიდან 5 ათასამდე მოქალაქეა დაბრუნებული.

დატოვე კომენტარი