გიგა ბოკერია - თბილისსა და რაიონებში მერობის, საკრებულოს თავმჯდომარის რიგ კანდიდატებზე უნდა მოხდეს შეჯერება, წარმოდგენილი იყოს პოლიტიკური პარტიების სპექტრი
გიგა ბოკერია - თბილისსა და რაიონებში მერობის, საკრებულოს თავმჯდომარის რიგ კანდიდატებზე უნდა მოხდეს შეჯერება, წარმოდგენილი იყოს პოლიტიკური პარტიების სპექტრი

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ არ იზიარებს გიორგი ვაშაძის განცხადების პათოსს, სადაც აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ წინასაარჩევნოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირ თანამშრომლობას არ აპირებს.

მისივე თქმით, თბილისში და თბილისის გარეთ მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარის არა ერთ, არამედ რიგ კანდიდატებზე უნდა მოხდეს შეჯერება.

„ამ პათოსს არ ვიზიარებ. მაშინ ყველა ასე დააყენებს საკითხს სხვა პარტიასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ვაშაძის განცხადება არის მიმართული იქით, რომ შეთანხმება ვერ შედგეს. თბილისში და თბილისის გარეთ მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარის არა ერთ, არამედ რიგ კანდიდატებზე უნდა მოხდეს შეჯერება. იქ იქნება და უნდა იყოს წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების სპექტრი. რა თქმა უნდა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობაც“. ყველა, ვინც საკითხს ასე აყენებს, უკვე წინასწარ ამბობს და საბაბს ეძებს, რატომ არ უნდა, რომ ხელი შეუწყოს დემოკრატიული ოპოზიციის შიგნით ამ ტიპის თანამშრომლობას, რომელიც აუცილებელი განაცხადია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებისთვის.

არის თბილისი, ასევე რიგი ქალაქები და რაიონები, მაგრამ არა ყველა, სადაც ჩემი აზრით, აუცილებელია კოორდინაცია მერობის, საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე. იქ წარმოდგენილი იქნება დემოკრატიული ოპოზიციის სპექტრი, მათ შორის „ევროპული საქართველო“, „დროა“, „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე იმედი მაქვს, „ლელოც“ – ყველა, ვისაც რეალურად ინტერესი აქვს, რომ ვადამდელ არჩევნებს მივაღწიოთ და ამ ქვეყანაში კრიზისიდან გამოსვლა დავიწყოთ. ყველა სხვა განცხადებით, რომელიც წინასწარ ნაღმებს დებს, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ პოლიტიკოსების განზრახვებზე და მათ ამოცანებზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.