გიგა ბოკერია - „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციის წერილში აქცენტი არასწორად არის დასმული
გიგა ბოკერია - „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციის წერილში აქცენტი არასწორად არის დასმული

თავი უნდა შევიკავოთ იმის შეფასებისგან, უკრაინისთვის რა იქნება კარგი და რა არა, – ამის შესახევ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

აღნიშნულით ბოკერია რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ უკრაინის პრეზიდენტის, უმაღლესი რადასა და უკრაინის მოქალაქეებისადმი მიმართვას გამოეხმაურა, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ხელს არ აწერს.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელოვან თანამდებობაზე წარდგენა დააახლოებს ორ მეგობარ სახელმწიფოს.

„ჩვენს გუნდს, „ევროპულ საქართველოს“ და ჩვენს პარტნიორებს, „თავისუფალ დემოკრატებს“ სხვა ტიპის პოზიცია გვაქვს. ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციის ამ წერილში არასწორად არის აქცენტი დასმული. ივანიშვილის მთავრობას სააკაშვილი რომ არ მოსწონს, სძულს და პოლიტიკურ დევნას რომ გადააყოლა ქვეყანა, ეს არის პრობლემა, ის კი არა – ვინ არის მართალი სააკაშვილის შეფასებაში ან როგორ ვაფასებთ წარსულს „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი რეფორმების. ახლა ამაზე კი არ უნდა იყოს დისკუსია, დისკუსია იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს სჭირდება უკრაინასთან სტრატეგიულად ნორმალური ურთიერთობა და ეს საკითხი არის უკრაინის შიდა საკითხი და საქართველოს პოლიტიკური სპექტრი და პირველ რიგში, ივანიშვილის მთავრობა ამაში არ უნდა ერეოდეს და ამ საკითხზე თავის პოზიციას არ უნდა გადააყოლოს ქვეყნის ინტერესი, რასაც ივანიშვილი აკეთებს და არასწორია ამაზე კამათი იმით, რომ ჩვენ დადებითად ვაფასებთ სააკაშვილის დანიშვნას, თუ მის წარსულ მოღვაწეობას. ეს აქ რელევანტურიც არ არის. ჩვენც თავი უნდა შევიკავოთ იმის შეფასებისგან, უკრაინისთვის რა იქნება კარგი და რა არა. მთავარი ისაა, რომ ივანიშვილი აზიანებს ქვეყანას თავისი პოლიტიკური ინტერესების გამო“, – განაცხადა ბოკერიამ.