გიგა ბოკერია - თავდაცვის მინისტრისგან ვერ მივიღეთ პასუხები, ტონალობა არ ჰქონდა აგრესიული, თუმცა შინაარსი ჰქონდა „ქართული ოცნებისთვის“ ტრადიციული
გიგა ბოკერია - თავდაცვის მინისტრისგან ვერ მივიღეთ პასუხები, ტონალობა არ ჰქონდა აგრესიული, თუმცა შინაარსი ჰქონდა „ქართული ოცნებისთვის“ ტრადიციული

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას საპარლამენტო მოსმენისას დასმულ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს.

მისი თქმით, ლევან იზორიას არ ჰქონდა აგრესიული ტონალობა, მაგრამ მისი საუბარი „ქართული ოცნებისთვის“ დამახასიათებელი, ტრადიციული შინაარსის იყო.

„ვერ მივიღეთ პასუხი. თავისთავად, ტონალობა არ ჰქონდა აგრესიული, შინაარსი ჰქონდა ტრადიციული „ქართული ოცნებისთვის“ – უსამართლო კრიტიკისთვის მედიის ან პოლიტიკური ოპონენტების მხილება. გასაგებია, რომ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს, მაგრამ შემდეგ არსებით პრობლემებზე, მაგალითად იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენ დავსვით, რომ წლიდან წლამდე კლებულობს იმ ხალხის რაოდენობა, რომლის გაწვევასაც ახერხებენ და რატომ არის ეს კლიმატი და რატომ არიან ჩაჯინებული ამ გაწვევის სისტემას, როცა პროფესიული არმიის სისტემა წყვეტს ყველა ამ პრობლემას, ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. ისევე, როგორც ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით, ნეპოტიზმთან დაკავშირებით მივიღეთ ზოგადი პასუხები და რატომ არის, რომ ბიძაშვილები და ნათესავები არიან ერთ სტრუქტურაში, „დელტაზე“ იყო საუბარი, ამაზეც გვერდი აუარა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, ოპოზიციის მისამართით მკაცრი შეფასებები, რომ კრიტიკა არის თავდაცვის ძალების ძირის გამოთხრა, რაც აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებაა.

„დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვან საკითხებზე დავობენ. აი, მერე რომ ისმის კითხვა, მართლაც სადაც პირდაპირი დარტყმაა ჩვენი ეროვნული ინტერესების, მათ შორის თავდაცვისუნარიანობისთვის და ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რუსული გზავნილის დამკვიდრება, რომ თურმე ნატო-ში ინტეგრაცია არის საფრთხე, ნატო-ს წვრთნები არის საფრთხე, თურმე ჩვენმა ჯარისკაცებმა დაბომბეს ცხინვალი. ანუ მთავრობის შეცვლასთან ერთად რისკი, რომ სამხედროებმა იცოდნენ, ხვალ შეიძლება, მთავრობამ წინა მთავრობის ბოღმით ისინი დაადანაშაულოს დანაშაულში მაშინ, როცა ისინი სამშობლოს იცავდნენ. ამ საკითხებზე ბატონი მინისტრი თავს არიდებს მკაფიო შეფასებებს პრეზიდენტის, უმრავლესობის წევრების საქციელის, „პატრიოტთა ალიანსზე“ და ღია პროპაგანდისტულ ძალებზე არაფერს ვამბობ. ამიტომ, აქ არის ის სტანდარტი, რაც შექმნა ივანიშვილის გუნდმა, ამ ტიპის ძალების გამოყენება საკუთარი შიდაპოლიტიკური ამოცანებისთვის, რომლებიც რეალურად ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს, მათ შორის თავდაცვისუნარიანობას“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.