გიგა ბოკერია - შალვა კეკელიას პერსონალურად არაფერს ვუპასუხებ, რადგან ცალკე აღებული, მნიშვნელოვანი ფიგურა არ არის
გიგა ბოკერია - შალვა კეკელიას პერსონალურად არაფერს ვუპასუხებ, რადგან ცალკე აღებული, მნიშვნელოვანი ფიგურა არ არის

შალვა კეკელიას პერსონალურად არაფერს ვუპასუხებ, რადგან ცალკე აღებული, მნიშვნელოვანი ფიგურა არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განუცხადა, რომელიც მამა შალვა კეკელიას განცხადებას გამოეხმაურა.

ბოკერია მის მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიაზე საუბრობს.

„პრობლემა, რასაც საქართველოში ვხედავთ და წლებია, გრძელდება, არის ის, რომ შავრაზმული ძალები, ხელისუფლება, ივანიშვილის გუნდი და სასულიერო პირების მნიშვნელოვანი ნაწილი მონაწილეობს პოლიტიკურ კამპანიაში ბინძური ფორმებით – ცილისწამების, სიბინძურის, მოგონებისა და ძირითადად შავრაზმული, პროპუტინური იდეებით, რომ ვიღაცა ებრძოდა ჩვენს იდენტობას, პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებაა და ა.შ. ეს გრძელდება. ამის სათავე არის ხელისუფლებაში და, სამწუხაროდ, ეკლესიის ნაწილშიც, ეს ადამიანიც ამის მაგალითია. ეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის პრობლემაა. იგივე ხალხია, ვინც ძალადობას აქეზებდა, ძალადობის ორგანიზატორი იყო. ზუსტად იგივე იდეოლოგიის მატარებელია, რაც ჩვენს მტრებს აქვთ, რომლებიც ქვეყნის თავისუფლებას ებრძვიან“, – განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, რატომ ისმის სასულიერო პირების ნაწილის მხრიდან განცხადება, რომ გიგა ბოკერია ეკლესიას ებრძვის, დეპუტატი პასუხობს, რომ მედიამ ეს კითხვა მათ უნდა დაუსვას.

„ჩემი პოზიცია წლებია, ცნობილია. სეკულარული სახელმწიფოს მომხრე ვარ, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იგივე პოზიცია მქონდა, ხელისუფლება და ეკლესია გაყოფილია. ინსტიტუციურად ერთმანეთის საქმეში არ უნდა ერეოდნენ. ყველა, ვინც სიძულვილსა და ძალადობას ქადაგებს, ვინც უმცირესობის მიმართ ძალადობს, არის საქართველოს თავისუფლების მტერი და მას ნებისმიერმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს. მთელი ეს კამპანია აქედან მოდიოდა არა მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ, არამედ მთლიანად გუნდის წინააღმდეგ, როცა საუბარი იყო, რომ სამოქალაქო თავისუფლებების წინააღმდეგ არავის აქვს რაიმე მოტივებით ძალადობის ან სხვისი თავისუფლების შეზღუდვის უფლება. ეს არის ძირი ამ ყველაფრის“, – აღნიშნავს ბოკერია.

შალვა კეკელიამ გუშინ განაცხადა, წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მათ ეკლესიის გაქრობით ემუქრებოდა. „ნაცმოძრაობა“ წინამძღვრებს უცხოეთში ასვენებდა, მერე ვიდეოს უღებდნენ, ციხის კადრების გასვლის შემდეგ დათა ახალაია და სოსო თოფურიძე მოვიდნენ საპატრიარქოში, მოითხოვეს, თუ მხარს არ დავუჭერდით, ამ კადრებს გაასაჯაროებდნენ“, – აღნიშნა შალვა კეკელიამ.