გიგა ბოკერია - საქმე, რომელზეც პროკურატურაში დამიბარეს, ხუთი წელია, არ გახსენებიათ, ახლა ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა დაჭერები
გიგა ბოკერია - საქმე, რომელზეც პროკურატურაში დამიბარეს, ხუთი წელია, არ გახსენებიათ, ახლა ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა დაჭერები

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე ძველ საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს, რომელიც ხუთი წელია, არ გახსენებიათ.

მისივე თქმით, გამოსაკითხად მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მივა.

„ხვალ მე არ ვაპირებ მისვლას. როცა მაგისტრი მოსამართლე დამიბარებს, მაშინ მივალ. ეს არის ძველი საქმე, რომელზეც ხუთი წელია, ან უფრო მეტი, აღარ შევუწუხებივარ, არ გახსენებიათ. ახლა გაახსენდათ, ამ კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში. ეს არის ძველი უშიშროების საბჭოს საქმიანობის გამოძიება. ჩვენ გვახსოვს, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილმა თქვა თავის ინტერვიუში, დააანონსა დაჭერები. არ ვიცი, რამდენად შორს წავლენ, მაგრამ ლოგიკურია, ეს ამას ჰგავს. ერთი ან ორი პერსონის საკითხი ხომ არ არის. ზოგადად, ეს არის ამ სამარცხვინო ლიდერის და კლოუნების აგონიის კლიმატი, რომ ამ მეთოდებით ცდილობენ საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, საუბარი არ არის მხოლოდ მასზე, ბრალი ასევე წაყენებული აქვთ ოპოზიციის სხვა ლიდერებს, მათ შორის გიგი უგულავას და ნიკა მელიას.

„უამრავი გამოძიებაა დაწყებული და ეს მიაჩნიათ თავის გადარჩენის გზად. ღრმად ცდება, ცალკეული პერსონების გამოთიშვა არაფერს ცვლის. ივანიშვილს აქვს ერთადერთი გამოსავალი – გადადგას ნაბიჯები განმუხტვისკენ და უკან წაიღოს შეურაცხყოფა, რაც საზოგადოებას მიაყენა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ან გააგრძელოს ეს უტიფრობა, თუნდაც სხვადასხვა დაკითხვაზე დაბარებით თუ დევნით და ძალიან ცუდად დაამთავროს მისთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით, გიგა ბოკერია მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხოს, რადგან მან გამოკითხვაზე მისვლაზე უარი განაცხადა. მათივე ცნობით, საქმე ეხება გიგა ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს, კერძოდ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტს.