გიგა ბოკერია - საქართველომ საკონსტიტუციო ცვლილებებით მიიღო ის, რაც უკეთესია დღევანდელ რეალობაზე, მაგრამ ეს საქმე დამთავრებული არ არის
გიგა ბოკერია - საქართველომ საკონსტიტუციო ცვლილებებით მიიღო ის, რაც უკეთესია დღევანდელ რეალობაზე, მაგრამ ეს საქმე დამთავრებული არ არის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, დღევანდელმა დღემ აჩვენა, თუ როგორი შედეგი შეიძლება იქნეს მიღებული დემოკრატიული ოპოზიციისა და საერთაშორისო მეგობრების დახმარებით.

ბოკერია განმარტავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ არის იდეალური შედეგი, რადგან საზოგადოების მოთხოვნა სრულად პროპორციული სისტემა იყო, თუმცა არის გონივრული კომპრომისი, რომელზე წასვლაც „ქართულ ოცნებას“ ქართული დემოკრატიის მეგობრებმა აიძულეს.

მისივე თქმით, ახლა მთავარი 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება და გიორგი რურუას გათავისუფლებაა.

„თავისთავად კომიკურია, რომ „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის გუნდი საკუთარ თავზე გამარჯვებას ზეიმობს დღეს. თითქოს ჩვენ ვიღწვოდით, რომ მაჟორიტარები შეგვენარჩუნებინა. სერიოზული ნაწილი არის ის, რომ საქართველომ მიიღო ის, რაც უკეთესია დღევანდელ რეალობაზე, მაგრამ ეს საქმე დამთავრებული არ არის. ჩვენ გვჭირდება პოლიტპატიმარ რურუას გათავისუფლება, რომ ეს პრინციპული საკითხი გადაწყდეს, შემდეგ გვჭირდება ნორმალური კამპანია და მერე ივანიშვილი უნდა შევაგუოთ იმას, რომ ქვეყნისთვის ნაკლები ზიანის მიყენებით ის დაკარგავს ძალაუფლებას მშვიდობიანი არჩევნების გზით“,- განაცხადა გია ბოკერიამ.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.