გიგა ბოკერია - სალომე ზურაბიშვილის განცხადება არის დადასტურება იმ პრობლემის, რაზეც „ევროპული საქართველო“ ვსაუბრობთ ახლაც, შეთანხმების კონტექსტში
გიგა ბოკერია - სალომე ზურაბიშვილის განცხადება არის დადასტურება იმ პრობლემის, რაზეც „ევროპული საქართველო“ ვსაუბრობთ ახლაც, შეთანხმების კონტექსტში

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება არის დადასტურება იმ პრობლემის, რაზეც „ევროპული საქართველო“ ამ შეთანხმების კონტექსტშიც საუბრობს.

ბოკერია მიიჩნევს, რომ პრობლემას წარმოადგენს „პოლიტიკური პატიმრებით პირდაპირი ვაჭრობა“.

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც ახლა ჩვენ მოვისმინეთ, არის დადასტურება სწორედ იმ პრობლემის, რაზეც „ევროპული საქართველო“ ვსაუბრობთ ახლაც, ამ შეთანხმების კონტექსტში, პოლიტიკური პტიმრებით პირდაპირი ვაჭრობის შემოთავაზება – ადამიანები ციხეში არიან და თუ არ მივიღე მე რაც მინდა პოლიტიკურად, ამ ადამიანებს ციხეში დავტოვებ. ესაა სწორედ პრობლემა, რისი გადაწყვეტაც არის ქართული საზოგადოებისთვის აუცილებელი პირობა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. ის ხალხი, ვისაც ძალაუფლება აქვს, ტერორისტების მსგავსად ეუბნება საზოგადოების ნაწილს, მის პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური მოლაპარაკებისას, თავისუფლება პოლიტიკური ოპონენტის, რომელიც პოლიტიკური მოტივით ზის ციხეში, დამოკიდებულია იმაზე, მიიღებენ თუ არა იმ შედეგს, რაც მათ სურთ იმ მომენტისთვის. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი მიდგომა და სწორედ ეს უნდა დასრულდეს საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ მედიატორები გამოაცხადებენ, რომ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა.