გიგა ბოკერია - სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ქვეყნისთვის სამარცხვინო და საზიანო იყო
გიგა ბოკერია - სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ქვეყნისთვის სამარცხვინო და საზიანო იყო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ქვეყნისთვის სამარცხვინო და საზიანო იყო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

გიგა ბოკერია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ გამოსვლას გამოეხმაურა.

„სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა სამარცხვინო და საზიანო იყო ქვეყნისთვის. პრეზიდენტმა პროცედურის ამბავზეც კი თავი მოგვჭრა. ყველა მიხვდა, რომ დროს აჭიანურებდა, რათა მისთვის კითხვები არ დაესვათ. მან დაიმსახურა შენიშვნა, მე არ მახსენდება ასეთი ფაქტი.

არსს რომ დავუბრუნდეთ, სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა სრულიად არამკაფიოდ. ვერ ახსენა პრობლემები, არანაირი ხედვა და არანაირი მოთხოვნა, საერთოდ რას ითხოვს საქართველო, რა ნაბიჯები გვინდა რომ გადაიდგას, როცა თავმჯდომარე ხარ, რა ინიციატივა გაქვს. უფრო მეტიც, როცა კითხვა დაუსვა ჩვენმა მხარდამჭერმა, უკრაინის დეპუტატმა და აწია საკითხი, რომ დაუჭერთ თუ არა მხარს, რუსეთს ჰქონდეს პრობლემა საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციის გამო, საოკუპაციო ხაზის გადმოწევისა და ახალგორში რაც ხდება იმის გამო, ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელობის გამო, ამაზე პასუხი იყო – არა, არ დაუჭერს მხარს.

წუწუნებენ, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ბრალიაო, კი, რუსეთის ბრალია, თუმცა ჩვენ რას ვაკეთებთ? თუ ამხელა ტრიბუნიდან ამბობ, რომ პრობლემებს არ შეუქმნი რუსეთს, რათა ნაკლები შანსი იყოს ჩვენი მოქალაქეების მოტაცების, მკვლელობის, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის, თუ ამას შენ არ ამბობ, სხვა როგორ გააკეთებს შენს მაგივრად? ამიტომ ეს ხალხი უნდა გავუშვათ და გვყავდეს ხელისუფლება, რომელსაც აქვს ხედვა და რწმენა, ესმის, რომ ემსახურება ამ ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.