გიგა ბოკერია - საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას გიორგი რურუას გათავისუფლება უნდა მოყვეს
გიგა ბოკერია - საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას გიორგი რურუას გათავისუფლება უნდა მოყვეს

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება კარგი ფაქტია.

მისივე თქმით, მესამე მოსმენამდე გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს, რაც ქვეყანაში ნორმალურ ვითარებას შექმნის.

„ძალიან კარგი რაღაცა მოხდა. ეს აჩვენებს საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების, საქართველოს მეგობრების მხარდაჭერის ძალას. როცა ივანიშვილს უწევს თავისით იმის გაკეთება, რაც მას არ უნდა და არ უნდოდა, ეს ძალიან კარგია. ახლა ამას უნდა მოყვეს რურუას გათავისუფლება მესამე მოსმენამდე და მაშინ გვექნება ნორმალური ვითარება. რომელიმე კომპონენტს თუ არ შეასრულებს, ამის ფასს გადაიხდის ივანიშვილი. ჩიხშია ის მომწყვდეული, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ პირველ მოსმენაზე შესვლის გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო დაუმძიმა მას მანევრის შესაძლებლობა. ამიტომ თავისი ხელით აკეთებს იმას, რაც არ უნდოდა. მესამე მოსმენითაც უნდა მიიღოს. იქამდე რურუას თუ გაათავისუფლებს, ეს საერთოდ იქნება მისთვის შვება. ეს მის ინტერესშია. ოღონდ ჩემთვის რაც უფრო მნიშვნელოვანია, ქვეყნის ინტერესშია.

ამის მერე უნდა უნდა შეეგუოს, რომ იქნება შედარებით ნორმალური საარჩევნო კამპანია, შემდეგ შეეგუოს იმ ვერდიქტს, რასაც გამოუტანს მას ქართველი ამომრჩეველი. მე დარწუნებული ვარ, ეს იქნება ვერდიქტი მისი ხელისუფლებიდან ჩამოცილების. ეს არის ის ამოცანა, რაც აქვს ქვეყანას. თუ ის ამ პროცესს რომელიმე კომპონენტით ხელს შეუშლიდა, მაგალითად, დღეს რომ ჩაეგდო, ეს იქნებოდა ცუდი და იქნება ცუდი ნებისმიერი რამის გადაგდება შეთანხმებიდან და ამის ფასს გადაიხდის თვითონ. ჩვენ „ევროპული საქართველო“ მოწადინებული ვართ, რომ ზეწოლით, წნეხითა და ლეგიტიმური დემოკრატიული მეთოდებით ნაკლები ზიანი მივაყენოთ ქვეყანას. რაც დღეს მოხდა, ასეთი შედეგით თავისი ხელით გააკეთოს ის, რაც ქვეყნისთვის კარგია და ივანიშვილს არ უნდოდა“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

115 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა.

კენჭისყრაში მონაწილეობა ამჯერადაც არ მიუღია „ნაციონალურ მოძრაობას“, მეორე მოსმენით განხილვას არ ესწრებოდა „ევროპული საქართველო“, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭრა.