გიგა ბოკერია - საკითხები, რომლებიც მიშელმა მოხაზა, არ შეიცვლება და ჩვენი პოზიციაც ეს არის
გიგა ბოკერია - საკითხები, რომლებიც მიშელმა მოხაზა, არ შეიცვლება და ჩვენი პოზიციაც ეს არის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, საკითხები, რომლებიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოხაზა, არ შეიცვლება და სწორედ ამ საკითხების გავლით უნდა მოხდეს პროგრესი.

„საკითხები, რომლებიც მიშელმა მოხაზა, არ შეიცვლება და ჩვენი პოზიციაც ეს არის. ის საკითხებია, რაზეც უნდა მოხდეს პროგრესი, მათ შორის როგორც თქვენ იცით და ბევრჯერ მოგისმენიათ ჩვენგან, არის საკითხები, რომლებიც  ვერ გადაწყდება ორ და სამ დღეში, მაგრამ უნდა გადაწყდეს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ასევე, არის საკითხები, რომლებიც სწრაფად გადაწყდეს, რომ მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი ჰქონდეს. ასეთია პოლიტპატიმრების საკითხი, ასეთი საკითხია ვადამდელი არჩევნებისკენ სვლა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, ბოკერიას განცხადებით, ბუნებრივია, მედიატორის წარმომადგენელი ყველა მხარეს ესაუბრება, სთავაზობს ვარიანტებს იდეების სახით და არის პროაქტიური, მაგრამ საბოლო ჯამში ელოდება, როდის შეჯერდებიან მხარეები.

„როცა პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა საკითხები, მედიატორი კი ვერ დაგაძალებს, მაგრამ პროაქტიურია, რომ ამ საკითხებზე მოხდეს შეთანხმება, ეს არის განსხვავება ფასილიტაციასა და მედიაციას შორის. ვიდრე რაღაც შედეგამდე მივალთ, ბუნებრივია, მედიატორის წარმომადგენელი ყველა მხარეს ესაუბრება, შემდეგ სთავაზობს ვარიანტებს იდეების სახით და აქაც ის არის პროაქტიური, მაგრამ საბოლო ჯამში ელოდება იმას, როდის შეჯერდებიან მხარეები“, – განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნების რიგგარეშე არჩევნების მექანიზმად გამოყენების საკითხს, ამასთან დაკავშირებით ბოკერია აცხადებს, რომ ეს არალოგიკურია.

„არა, ეს არალოგიკურია, არანაირ კავშირში არ არის. მაშინ პირდაპირ უნდა ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები ან უნდა ჩავატაროთ პლებისციტი, სადაც ადამიანს მკაიფოდ ჰკითხავ. რადგან ადამიანი, რომელიც საქართველოში ნებისმიერ ადგილას  ცხოვრობს, როცა ირჩევს თვითმართველობას, იმ გუნდს და მერს, რომელმაც მისი აზრით, თვითმმართველობაში რა კომპეტენციებიც არის გამოყოფილი, ის საკითხები უნდა მოუგვაროს. ეს არ ეხება დღევანდელ მოლაპარაკებას, ამიტომ, ჩემი პოზიცია ისედაც ცნობილი იყო, რა თქმა უნდა, ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება არის პირდაპირ ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმება გონივრულ ვადაში და არა ძალიან დიდი ხნის შემდეგ. თუმცა კომპრომისული შესაძლებლობა არსებობს პლებისციტის, რომ მოქალაქებს ვკითხოთ“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.