გიგა ბოკერია - სად არიან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრები, ისინი არ უნდა ქრებოდნენ
გიგა ბოკერია - სად არიან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრები, ისინი არ უნდა ქრებოდნენ

სად არიან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრები, ისინი არ უნდა ქრებოდნენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

„ვწუხვარ, რომ ჩვენ არ მოგვეცა შანსი, მოგვესმინა ახალი პრემიერ-მინისტრისთვის. მესმის, რომ ის დაკავებულია, თუმცა ჩემთვის სადარდებელია ის საკითხი და უკვე მეორე წელია, იძულებული ვარ, ერთი და იგივე კითხვა დავსვა – სად არის ყოფილი პრემიერ-მინისტრი? ან სად არის ის, რომელიც მანამდე იყო? ისინი უბრალოდ გაქრნენ. წინის წინა პრემიერ-მინისტრმა ფეისბუქის გვერდიც კი წაშალა. ეს უკანასკნელი კი „ფეისბუქის“ პოსტით გადადგა. ეს პრობლემაა, პრემიერ-მინისტრები არ უნდა ქრებოდნენ. გულწრფელად რომ გითხრათ, ყოფილ ხელისუფლებას, რომლის ნაწილიც ვიყავი, ასევე აკრიტიკებდნენ მინისტრების, პრემიერ-მინისტრების ხშირი შეცვლის გამო, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ საქართველო არ იყო საპარლამენტო რესპუბლიკა. პრეზიდენტ სააკაშვილს ირჩევდნენ ამომრჩევლები. ახლა ჩვენ გადავედით საპარლამენტო რესპუბლიკაზე, ეს არანორმალურია, რომ უკვე შეიცვალა მეხუთე პრემიერ-მინისტრი, ხოლო უმრავლესობა კვლავ იგივე რჩება. რა ხდება? ვიცით, რაც ხდება. ჩვენ გადავედით მმართველობის კომუნისტურ სტილზე, როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე მართავს. ჩვენ ვერ ვიბარებთ მას პარლამენტში. ბიძინა ივანიშვილზე ვსაუბრობ. პრობლემა არ არის, რომ ის მილიარდერია, პრობლემა იმაშია, რომ ის არ არის ანგარიშვალდებული“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე განცხადებით, „ევროპულ საქართველოს“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან, მიუხედავად ღრმა უთანხმოებებისა და ზოგჯერ მისი გუნდის მხრიდან ძალიან უხეში განცხადებებისა, მრავალწლიანი სამუშაო ურთიერთობები აქვს.

„ვუსმინე მის გამოსვლას, ვეთანხმები უმრავლეს საკითხში, თუმცა არჩილ თალაკვაძისადმი პატივისცემის მიუხედავად, მახსენდება იასირ არაფატი, რომელსაც ადანაშაულებდნენ იმაში, რომ არაბულად ერთს საუბრობდა და ინგლისურად სხვას. ეს არ ეხება არჩილ თალაკვაძეს, თუმცა ეხება ჩვენს მთავრობას. სალომემ გაიხსენა ჩვენი ახალი პრემიერ-მინისტრის საგანგაშო განცხადება, რომელიც მან მოსმენისას გააკეთა, რომ მის მთავარ მიზანს პროდასავლური ოპოზიციის განადგურება წარმოადგენს. ეს არ არის კარგი დასაწყისი ნორმალური პოლიტიკური კლიმატისთვის. მოდით, თავი დავანებოთ გავრილოვის ღამეს, მაგრამ არის სხვა საკითხიც. ჩვენ ცოტა ხნის წინ ავირჩიეთ ახალი პრეზიდენტი, რომელსაც არჩილ თალაკვაძის პარტიამ მხარი დაუჭირა სრული რესურსით. ეს არის პრეზიდენტი, რომელიც საჯაროდ თავს დაესხა საქართველოს მიწაზე ნატო-ს სამხედრო წვრთნებს. მან თქვა – რა არის ამაში კარგი, საქართველოს მიწაზე ნატო-სა და აშშ-ის სამხედროების ყოფნა ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას იწვევს. ჩემი რიტორიკული შეკითხვაა, რატომ უჭერს მხარს პროდასავლური ქვეყანა პრეზიდენტს, რომელსაც აწუხებს საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარების ყოფნა. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის საკითხს, ჩვენ გვყავს მეხუთე პრემიერ-მინისტრი და მეცხრე წელია, ჩვენი პრემიერ-მინისტრს არ ჰქონია ვიზიტი კიევში. რატომ ხდება ეს? რატომ დაბრუნდა თავდაცვის მინისტრად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც განაცხადა საჯაროდ, რომ უკრაინამ არ უნდა მიიღოს უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერა აშშ-სგან და უარყო პარალელები ყირიმსა და აფხაზეთს შორის ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.