გიგა ბოკერია - სააკაშვილი აპირებს წარსულში ყურებას და იმ ჭაობში დარჩენას, რომელიც შექმნა ივანიშვილმა
გიგა ბოკერია - სააკაშვილი აპირებს წარსულში ყურებას და იმ ჭაობში დარჩენას, რომელიც შექმნა ივანიშვილმა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება.

გიგა ბოკერიას თქმით, ივანიშვილი არის დღევანდელი უმძიმესი აწმყო და მას ამის გაგრძელება სურს, ხოლო სააკაშვილს სურს წარსულში დაბრუნება.

ბოკერიას თქმით, ერთ დღეს ერთი ბრალდების წამოყენება და შემდეგ დღეს ამ ბრალდების პრინციპულად განსხვავებული ბრალდების გაჟღერება არის ის ჭაობი, რომელიც შექმნა ივანიშვილმა და რომელში დარჩენასაც აპირებს სააკაშვილი.

„ივანიშვილი არის დღევანდელი უმძიმესი აწმყო და ამის გაგრძელება უნდა. სააკაშვილს უნდა წარსულში დაბრუნება. ჩვენს შორის არის უზარმაზარი განსხვავება, რადგან ის უკან იხედება და ჩვენ წინ. „ევროპულ საქართველოს“ გარდამტეხი ცვლილებები უნდა. ეს არის ჩვენი გზავნილი ყველგან. ისეთი სისულელე, რომ ერთ დღეს ერთ ბრალდებას იტყვი და მეორე დღეს იმის საპირისპირო ბრალდებას, არის ის ჭაობი, რაც შექმნა ივანიშვილმა და რომელში დარჩენას და წარსულში ყურებას აპირებს სააკაშვილი და მისი გარემოცვა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება ისევ ორპოლუსიანობა იყო.

„საჯაროდ მოხდა ეს ყველაფერი. მაჟორიტარებისა და რეგიონის გადასაფარად რაღაც ხრიკი იხმარეს. ჯერ კიდევ მაშინ, საჯაროდ შემოგვთავაზა სააკაშვილმა ისევ ორპოლუსიანობა, რომ თურმე ერთიანი სია უნდა შევქმნათ და ჩვენ ეს საჯაროდ ​უარვყავით, რადგან ეს პოლიტიკა უნდა დავამთავროთ, რასაც სააკაშვილი და ივანიშვილი წარმოადგენენ. პროპორციული არჩევნებისთვის იმიტომ იბრძოდა საზოგადოება, მათ შორის „ევროპული საქართველო“, რომ ყველა ამომრჩეველს ჰქონოდა თავისი არჩევანის შესაძლებლობა. გონივრული იყო რეგიონებში მაჟორიტარების შეთანხმება, ისევე, როგორც თბილისში, რაც ჩაშალა სააკაშვილმა, ოღონდ საჯაროდ მოხდა ეს ყველაფერი. ჩემთვის ყველა ეტაპზე მიუღებელი იყო სააკაშვილთან ერთიან პოლიტიკურ ძალაში გაერთიანება და მისი პრემიერობა. ყველაფერი სააკაშვილმა ჩაშალა თავისი ამბიციების და უკან ყურების გამო, ამიტომ ჩვენ დღევანდელი მძიმე რეალობა უნდა შევცვალოთ“, – დასძინა გიგა ბოკერიამ.