გიგა ბოკერია - რუსი დიპლომატის გაძევება რამდენიმე დღით დაგვიანებულია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გიგა ბოკერია - რუსი დიპლომატის გაძევება რამდენიმე დღით დაგვიანებულია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელის საქართველოდან გაძევების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას სწორ ნაბიჯად აფასებს.

როგორც პირველ არხს ბოკერიამ განუცხადა, შეიძლება, დიპლომატის გაძევება რამდენიმე დღით დაგვიანებულია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

„თავიდანვე პოზიცია გვქონდა, რომ საქართველო თავისუფალი სამყაროს ნაწილი უნდა იყოს იმ აგრესიაზე, რომელიც რუსეთმა დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ განახორციელა. ეს სწორი ნაბიჯია, თუმცა იმის ფსიქოანალიზს ვერ გავაკეთებ, საქართველოს ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი თუნდაც დაგვიანებით რატომ გადადგა. მთავრობის ხედვის, მრწამსისა და უნარის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, სწორი ნაბიჯები გადადგას. ჩვენი ამოცანაა, რომ სანამ ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვლება, მანამდე ქვეყნისთვის ნაკლები ზიანი და შეცდომა დავაშვებინოთ, რაც რეზოლუციის მიღებისას მოხდა“, – განაცხადა ბოკერიამ.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.

ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მალევე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა სხვა ქვეყნებმაც გამოუცხადეს. ამ დროისთვის რუსი დიპლომატები 30-მდე სახელმწიფომ გააძევა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ავსტრალიამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, მოლოდვამ და უკრაინამ. ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, აშშ-ის 60 რუსი დიპლომატი დატოვებს, სიეტლში კი რუსეთის საკონსულო დაიხურება.