გიგა ბოკერია - რუსეთს საქართველოს ხელისუფლებამ აჩუქა ნარატივი, თითქოს კონფლიქტი ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორისაა
გიგა ბოკერია - რუსეთს საქართველოს ხელისუფლებამ აჩუქა ნარატივი, თითქოს კონფლიქტი ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორისაა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გიგა ბოკერიას განცხადებით, რუსეთის ფედერაციას საქართველოს ხელისუფლებამ ის ნარატივი აჩუქა, თითქოს ეთნიკური კონფლიქტი ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორისაა.

ჟურნალისტებთან საუბარში გიგა ბოკერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, საქართველო რუსეთისგან ყველაფერს ცუდს უნდა ელოდოს.

„მთავარია ის, ორი საზარელი მკვლელობის შემდეგ საქართველოს მთავრობა სანამდე მივიდა, მკვლელებისა და მათი ხელის დამფარებლების პასუხისმგებლობის საკითხს საერთოდ აღარ სვამს. აქცენტი მხოლოდ ცხედრის დაბრუნებაზეა გადატანილი და ეს საკითხი საერთოდ დაივიწყეს. ამასთან ერთად, რუსეთის ხელისუფლებას ის ნარატივი აჩუქეს, რაც რუსეთს აწყობს, რომ ქართული მხარე ურთიერთობას პირდაპირ სოხუმთან და ცხინვალთან დაამყარებს და ვითომ, გასაღები ამაშია, რაც მრავალწლიანი ხაზი გახლავს, რომ საერთაშორისო არენაზე პასუხისმგებლობა თვითონ აიცილონ და თქვან, რომ ეს არის ორი ეთნიკური კონფლიქტი ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის.

რა თქმა უნდა, პრემიერის მიმართვაზე რუსეთის რეაქციამ არ დააყოვნა, ამას ხელი პირდაპირ ჩაავლეს, დიდი ხანი ათამაშებენ და იტყვიან, რომ პრემიერ-მინისტრმა ეს გვითხრა და შეასრულეთო. ეს ხალხი ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესების დასაცავად მზად არ არის. უკეთეს შემთხვევაში, კომპეტენცია და პოლიტიკური ნება არ ჰყოფნით, უარეს შემთხვევაში, არ ვიტყვი, რა შეიძლება იყოს. საქმე სრულ გაუგებრობასთან და გაუაზრებლობასთან გვაქვს“, – აღნიშნა ბოკერიამ.

დეპუტატი ჟენევის ფორმატის შესაძლო ცვლილების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციას სურს, ჟენევაში ის არქიტექტურა შეცვალოს, რაც დამყარდა – რომ რუსეთი არის მხარე და დისკუსიებში მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები მხოლოდ პერსონალური სტატუსით მონაწილეობენ, რომლებიც ერთიანი საოკუპაციო რეჟიმის ნაწილად განიხილებიან.

„დიდი ხანია, ამ არქიტექტურის დანგრევა უნდათ. მათი მიზანია, ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ კონფლიქტებზე იყოს საუბარი და რუსეთი ევროკავშირივით თანამომრიგებელი იყოს, როგორც ეს 90-იან წლებში იყო. ნებისმიერი გაუაზრებელი, მკვეთრი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან გამოყენებული იქნება ამ ფორმატის შენჯღრევისკენ. დარწმუნებული არ ვარ, რომ ნაფიქრი აქვთ, ჩვენს პარტნიორებს რას სთავაზობენ, თორემ, ჟენევის ფორმატის დონის აწევა შეიძლება იყოს გზა, თუკი ამისთვის რუსეთი მზად არის. ვინმე სერიოზულად განიხილავს, რომ პუტინი ჟენევაში ჩავა?“ – განაცხადა ბოკერიამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას გუშინ უპასუხა. როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებას ყურადღებით გაეცნენ და კმაყოფილებას გამოხატავენ მიმართვაში გამოთქმულ განწყობებთან დაკავშირებით.

დატოვე კომენტარი