გიგა ბოკერია - როგორი უპასუხისმგებლოც უნდა იყოს ოპონენტი, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, არ დაუშვას იმ ტიპის მოვლენები, რასაც 2011 წლის 26 მაისს ჰქონდა ადგილი
გიგა ბოკერია - როგორი უპასუხისმგებლოც უნდა იყოს ოპონენტი, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, არ დაუშვას იმ ტიპის მოვლენები, რასაც 2011 წლის 26 მაისს ჰქონდა ადგილი

როგორი უპასუხისმგებლოც არ უნდა იყო ხელისუფლების ოპონენტი, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, არ დაუშვას იმ ტიპის მოვლენები, რასაც 2011 წლის 26 მაისს ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ძალები, რომლებიც აქციას მართავდნენ, იქცეოდნენ ძალიან უპასუხისმგებლოდ, მათ ყველა წინადადებაზე, რომ ერთი დღის შემდეგ გაეგრძელებინათ აქცია, უარი თქვეს.

„იმ ძალების მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ შემიცვლია, მიუხედავად ამისა, ძალიან ცუდი ფორმით გადადგა ეს ნაბიჯი, ვგულისხმობ ძალის გადამეტებას და უკვე დაშლის შემდეგ იმ ქმედებებს, რაც ვიხილეთ. ანუ, ასეთი რაღაცა არასოდეს არ უნდა მოხდეს. როგორი უპასუხისმგებლოც არ უნდა იყო ხელისუფლების ოპონენტი, სპეციალურად ეძებდეს საბაბს ასეთი რაღაცის, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ეს გაითვალისწინოს და არ დაუშვას იმ ტიპის მოვლენები, რაც მაშინ ჰქონდა ადგილი. ჩემი გუნდის კრიტიკა, არანაირად არ ამართლებს იმ ძალებს, ვინც ასე მოიქცა და ვინც იყო მოწადინებული ძალადობისკენ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, აქვს თუ არა უხერხულობა, რადგან დღეს ნინო ბურჯანაძესთან ერთად არის, ბოკერია ამბობს, რომ უხერხულობას არ გრძნობს.

„არანაირი უხერხულობა. სწორედ მაგაშია საქმე. ქვეყნის წინსვლა გულისხმობს იმას, რომ როგორი დაპირისპირებული შეხედულებებიც უნდა გქონდეთ მხარეებს, უნდა შეთანხმდნენ თამაშის წესებზე. ასეთი შეთანხმებაა სწორედ, რომ უნდა გვქონდეს პროპორციული არჩევნები. ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და როგორი მიუღებელი შეხედულებების ოპონენტები არ უნდა ჰყავდეს, არ შეიძლება, მის მიმართ უსამართლო წესები არსებობდეს და პოლიტიკური ნიშნით ვინმე დაისაჯოს. აქამდე მივედით. ჩვენ საზოგადოებაში არის მოქალაქეების ნაწილი, რომლებსაც ჩემთვის მიუღებელი შეხედულებები აქვს საგარეო კურსზე, რუსეთზე. ზოგს გულწრფელი შიშის გამო, ზოგს რაღაცა ჩემთვის კიდევ უფრო მიუღებელი შეხედულებების გამო, მაგრამ ისინი არიან ჩვენი მოქალაქეები, ვინც მათ ნებას გამოხატავს ცივილიზებულად და კანონს ფარგლებში, მათ აქვთ ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.