გიგა ბოკერია - გარემოებები როცა მეტ-ნაკლებად ხელს შეუწყობს საზოგადოებას, ყველას გვჭირდება ლეგიტიმური, მშვიდობიანი აქციები და წნეხი ხელისუფლებაზე
გიგა ბოკერია - გარემოებები როცა მეტ-ნაკლებად ხელს შეუწყობს საზოგადოებას, ყველას გვჭირდება ლეგიტიმური, მშვიდობიანი აქციები და წნეხი ხელისუფლებაზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, სრულიად გაუგებარია, ამ დრომდე რა უფლებით არ უწყვეტდა პარლამენტი უფლებამოსილებას იმ ადამიანებს, ვინც არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს „ბინძური ვაჭრობა არ გაუვიდოდა არც ერთ მინიმალური თავმოყვარეობის მქონე ადამიანსა და პოლიტიკოსთან“.

„ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, „საჭიროა ივანიშვილი და მისი არარაობების გარემოცვა დროზე მოეგონ გონს“, რისთვისაც ოპოზიცია, როდესაც გარემოებები მეტნაკლებად ხელსაყრელი იქნება, ყველა ლეგიტიმურ ფორმას მიმართავს.

„სრულიად გაუგებარია, აქამდე რა უფლებით არ უწყვეტდა იმ ადამიანებს უფლებამოსილებას, ვინც თქვეს, რომ გადიან პარლამენტიდან, რადგან არ აღიარებენ ამ სამარცხვინო მოპარული არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას. რა უფლება ჰქონდა, რომ ამით საერთოდ ცდილობდა ბრიყვულად ვაჭრობას, ნათელი იყო, რომ არ გაუვიდოდა, არც ერთ მინიმალური თავმოყვარეობის მქონე მოქალაქესთან თუ პოლიტიკოსთან, მაგრამ აქამდეც კი სამარცხვინო იყო მათი საქციელი.

რაც შეეხება მომავალს, დროზე გონს მოსვლა ივანიშვილის პერსონალურად და მისი ამ არარაობების და კლოუნების გარემოცვის, ვისაც დარჩა ახლა ფორმალური ფუნქციები, არის აუცილებელი პირობა ჩვენი ქვეყნისთვის და ამ გონზე მოსვლისთვის. ყველას გვჭირდება, როცა გარემოებები მეტ-ნაკლებად ხელს შეუწყობს საზოგადოებას, ლეგიტიმური მშვიდობიანი აქციები და წნეხი ხელისუფლებაზე, ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ვადამდელი ნორმალური არჩევნებით“, – განაცხადა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.