გიგა ბოკერია - რეზოლუციები საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი დიპლომატიური პოზიციის გამყარების მნიშვნელოვანი კომპონენტია
გიგა ბოკერია - რეზოლუციები საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი დიპლომატიური პოზიციის გამყარების მნიშვნელოვანი კომპონენტია

რეზოლუციები საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი დიპლომატიური პოზიციის გამყარების მნიშვნელოვანი კომპონენტია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა სტატუსზე მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას განაცხადა.

გიგა ბოკერიას თქმით, კარგია, როდესაც დოკუმენტში მხარდაჭერის ნებისმიერი ზრდა მოხდება, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი კომპონენტი, რომლითაც პოზიციას ვერ დააფიქსირებ.

„თუ არ გყავს ხელისუფლება, რომელსაც აქვს სტრატეგია, ხედვა, რომ ეს პრობლემები არა მარტო გაერო-ს რეზოლუციაში, არამედ უმაღლეს დონეზე დააყენოს და იმუშაოს, ამის ფასი მცირდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას განცხადებით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ უკვე 6-7 წელია, უმაღლეს დონეზე რუსეთთან ინტერაქციისას, ეს იქნება აშშ-ს პრეზიდენტი, თუ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები, საქართველოს საკითხი უკრაინის საკითხისგან განსხვავებით აღარ განიხილება.

„ჩვენი ხელისუფლების გზავნილები, განსაკუთრებით ღარიბაშვილის დროს იყო საპირისპირო. მათ არ სურდათ, ყოფილიყვნენ ამ საკითხში და ჰქონდათ დევიზი, კონცეფცია, რომ საქართველო უნდა გამქრალიყო დაპირისპირების საგანთა სიიდან დასავლეთსა და რუსეთს შორის. ეს არის ღრმად საზიანო მავნებლური გზავნილი. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა რომ ყველაფერი კარგად იყოს და დაპირისპირება არ იყოს რუსეთთან, მაგრამ პრობლემა გვაქვს რუსეთისგან და სანამ ოკუპაციის პრობლემა იქნება, ჩვენი ინტერესია, რომ ჩვენი საკითხი იყოს დაპირისპირების სიაში, რადგან ეს არის ჩვენი დაცვის საშუალება.

რაც შეეხება მეზობლებს. გეოპოლიტიკური რეალობა არაა საქართველოსთვის მარტივი, ამიტომ უნდა იმუშაო სადაც შეიძლება, რომ ცვლილება მოიტანო. ეს ცვლილება დღეს თუ ვერ მოვა, უნდა იმუშაო, რომ ხვალ მოვიდეს. მარტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერაფერს იზამს, თუმცა ამ სამინისტროს და მინისტრის მიმართ უაღრესად კრიტიკული აზრის ვარ. აქ მარტო სამინისტროს პრობლემა არაა. პრობლემაა მთელი გუნდის, ხედვისა და მრწამსის საკითხი. იყო ღარიბაშვილის პერიოდში ძალიან სახიფათო ფაზა. მას როცა ეკითხებოდნენ საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის პრობლემა თქვენსას ხომ ჰგავსო, ის პასუხობდა, რომ არა, ჩვენ რუსეთთან ყველაფერი მოვაგვარეთო. შეგიძლიათ, იხილოთ მისი კომენტარი არქივში. ამ გზავნილების შემდეგ და იმის მერე, რომ კიევში პრემიერის ორმხრივი ვიზიტი უკვე შვიდი წელია არ ყოფილა, რთულია ისაუბრო მთავრობის სტრატეგიაზე, რადგან უკრაინის პრობლემა არის ჩვენი პრობლემის გაგრძელება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 73-ე სესიის ფარგლებში მიიღო საქართველოსა და 45 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. დოკუმენტს მხარი 79 ხმით 15-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.