გიგა ბოკერია - რაც მეტი გავლენა გაქვს, მეტია პასუხისმგებლობა, ეს ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ვიმედოვნებ, გაიმარჯვებს გონიერება და მალე გვექნება საზოგადოების წინაშე წარსადგენი სია
გიგა ბოკერია - რაც მეტი გავლენა გაქვს, მეტია პასუხისმგებლობა, ეს ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ვიმედოვნებ, გაიმარჯვებს გონიერება და მალე გვექნება საზოგადოების წინაშე წარსადგენი სია

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ, პირველ რიგში, თბილისში საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება მალე შედგეს.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საერთო კანდიდატებზე თავიდანვე საუბრობდნენ, შეთანხმების ერთგულნი უნდა დარჩნენ.

„იქნება სრული უპასუხისმგებლობა, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია რაიმე მოტივით, ვგულისხმობ იმ პარტიებს, ვინც თავიდანვე იყო ამ მოლაპარაკებებში ჩართული, რადგან მაგალითად, „ლელო“ თავიდანვე სკეპტიკური იყო, ამიტომ მათ პოზიციას არაფერი შეუცვლია ამ ვითარებაში, მაგრამ სხვები და მსხვილი ოპოზიციური პარტიები, ვინც იყვნენ ამ პროცესში ჩართულნი, „ევროპული საქართველოდან“ დაწყებული, ვიზეც არის დამოკოდებული, პირველივე ტურში შევამციროთ რისკები – მკაფიო იყოს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება მშვიდობიან არჩევნებში, უნდა დარჩნენ ამ შეთანხმების ერთგულნი“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიამ ყურადღება გაამახვილა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და აღნიშნა, რომ მათ განცხადებებში ამ მიდგომის გადახედვა შეინიშნება.

„არ არის დასამალი, ვიზე ვსაუბრობთ ხო? ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ან მათთან დაკავშირებული პირებისგან, რომლებისგანაც აშკარად იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ მიდგომის გადახედვაა. საუბარი მეორე ტურებზე და საუბარი, რომ ვიღაცამ თუ არ მიიღო მონაწილეობა, ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ მაშინ აზრი არ აქვს. იმედი გვაქვს, ეს განცხადებები დარჩება უსარგებლო განცხადებებად და ეს არ არის მომზადება რაღაც შეთანხმების ჩაშლისთვის. ჩვენი პრაგმატული და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ამის დიდი იმედი მაქვს. ვიმეორებ, ივანიშვილის რეჟიმი ყველა ვარიანტში უნდა დამარცხდეს მშვიდობიან არჩევნებში, მაგრამ ყველას გვესმის წარსული გამოცდილებიდანაც, რომ თუ ეს მარცხი არის მკაფიო პირველივე ტურში, რისკები რეაქციის, ივანიშვილის რეჟიმის, რისკები ქვეყნისთვის მცირდება.

თუ მეორე ტურში ირკვევა ვითარება, მაშინ ჩვენ არ ვიცით,  ივაანიშვილის პოლიტიკურად არასტაბილური რეჟიმი როგორ ისტერიულ რეაქციას მისცემს და სრული უპასუხისმგებლობაა ამ რისკზე წასვლა, როცა შანსი გაქვს სიტუაციის გარკვევის პირველ ტურში და გარისკო მეორე ტურებამდე. მე იმას კი არ ვამბობ, რომ მეორე ტურში მოიგებენ, იმედი მაქვს და ვიმუშავებთ, რომ მეორე ტური სადაც იქნება, იქაც დამარცხდნენ. რა ლოგიკაა იმაში, რომ გავრისკოთ მეორე ტურები, როცა შეგვიძლია, პირველივე ტურებში ვითარება გამოვკვეთოთ.

ვიმეორებ, რაც უფრო მეტი გავლენა გაქვს, უფრო მეტი გაქვს პასუხისმგებლობა და ეს ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, სრული პატივისცემით ყველას მიმართ. იმედი მაქვს, პასუხისმგებლობის გრძნობა და გონიერება გაიმარჯვებს და მალე გვექნება საზოგადოების წინაშე წარსადგენი სია, პირველ რიგში თბილისის“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება რიგი პარტიების განცხადებებს, რომ თბილისში არსებულ რვა ოლქში ისე უნდა გადანაწილდნენ, რომ ვინმე არ დაიჩაგროს, ბოკერიამ აღნიშნა, რომ საუბარია არა დაჩაგვრაზე, არამედ ივანიშვილის რეჟიმის კანდიდატების წინააღმდეგ მკაფიო გამარჯვებაზე.

კითხვაზე, თქვენ პარტიას რამდენი ოლქი შეხვდება, ბოკერიამ ასე უპასუხა: „როცა იქნება შედეგი, გაგაცნობთ ყველას ერთად, წინასწარ, ვიდრე შეთანხმება არ დასრულებულა, ვერაფერს გეტყვით“.

„თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“გააგრძელა იგივე რიტორიკა მეორე ტურთან დაკავშირებით, მაშინ რა იქნება? შეიძლება, რომ „ ნაციონალურმა მოძრაობამ“ საერთოდ დატოვოს „ლეიბორისტების“ მოლაპარაკების მაგიდა?- აღნიშნულ კითხვას ბოკერია პასუხობს, რომ იმედი აქვს, ყველა მსხვილი პარტია პასუხისმგებლობით მიუდგება საკუთარ როლს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტში.

„ევროპული საქართველო“ ასე მოიქცა და იმედი მაქვს, სხვებიც ასე მოიქცევიან“,- დასძინა ბოკერიამ.

ამასთან, „ძალა ერთობაშიას“ ფორმატის გაფართოებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ბოკერია აცხადებს, რომ „ლეიბორისტული პარტიიის“ შეკრების ოფისს ვერავინ ჩაანაცვლებს.

„არაფერი მსმენია ამაზე და „ლეიბორისტული პარტიის“ შეკრების ოფისი როგორ უნდა ჩაანაცვლოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან სხვამ? იქ არიან ერთმანეთისგან ფუნდამენტურად გასხვავებული ძალები, ოღონდ ვინც თანხმდება. ყველა რეალური ძალა იქ არის და ეს ძალები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, მაგრამ ყველა ვთანხმდებით არჩევნების პროპორციულობაზე და იმაზე, რომ არავის ხელში აღარ უნდა იყოს ერთპიროვნული ძალაუფლება ან ერთი გუნდის ხელში გაუწონაასწორებელი ძალაუფლება. ეს არის, რამაც გაგვაერთიანა და ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურმა რეპრესიებმა. ამის მიღმა ვის რა კოალიაცია აქვს და რამდენ სახელს დაარქმევს, ეს არაფერს წყვეტს“,- განაცხადა ბოკერიამ.