გიგა ბოკერია - „ქართულმა ოცნებამ“ მოსამართლეების საკითხზე პრინციპული რეკომენდაციების სრული იგნორი მოახდინა
გიგა ბოკერია - „ქართულმა ოცნებამ“ მოსამართლეების საკითხზე პრინციპული რეკომენდაციების სრული იგნორი მოახდინა

მოსამართლეების საკითხი ძალიან მძიმე პრობლემაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილის გუნდმა პრინციპული რეკომენდაციების სრული იგნორი მოახდინა – როგორც დემოკრატიული ოპოზიციის, ისე სამოქალაქო საზოგადოების და რაც მთავარია, ვენეციის კომისიის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების, რომლებზეც თვითონ განაცხადეს, რომ ყველაფრის გათვალისწინებას აპირებდნენ, რაც კონსტიტუციის საწინააღმდეგო არ იქნებოდა“, – განაცხადა ბოკერიამ.

დეპუტატის შეფასებით, ეს მოულოდნელი არ ყოფილა.

„ჩვენი ამოცანაა საზოგადოებისა და ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალური მობილიზება, რომ ამ პრობლემას, რომელსაც „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის გუნდი ჰქვია, რომელიც სასამართლოში გრძელვადიანად კლანური მმართველობისა და პერსონალურად ივანიშვილის მორჩილების პრობლემას ამკვიდრებს, წერტილი დემოკრატიული არჩევნების გზით დავუსვათ. ახლა ამ გზაზე პირველი ნაბიჯი მოდის შუალედურ არჩევნებში, რომელიც სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის თბილისში, მთაწმინდაზე იქნება, სადაც კენჭს შალვა შავგულიძე იყრის. ძალიან სიმბოლური არჩევნებია იმისათვის, რომ ჩვენ ეს გზავნილიც გავაკეთოთ და შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოება იყოს მზად ამ პრობლემის გადასაწყვეტად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი შეფასებით, სხვანაირად არათუ სასამართლოს, არამედ არცერთი პრობლემა არ მოგვარდება.