გიგა ბოკერია - ოპოზიციისგან იმ შემთხვევაში იქნება კომპრომისი არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლაზე, თუ შესვლა ემსახურება ვადამდელი არჩევნებისთვის მომზადებას და გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები
გიგა ბოკერია - ოპოზიციისგან იმ შემთხვევაში იქნება კომპრომისი არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლაზე, თუ შესვლა ემსახურება ვადამდელი არჩევნებისთვის მომზადებას და გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პარლამენტი მნიშვნელოვანი ადგილია და ყველა ნორმალური ადამიანი ისურვებდა, პოლიტიკური პროცესები საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდეს.

თუმცა, ბოკერიას თქმით, პროცესების პარლამენტში გადანაცვლებას სჭირდება „პოლიტიკური შეთანხმება კრიზისიდან გამოსვლაზე, პოლიტიკური პატიმრების, მელიას და რურუას გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე“.

„ეს ის საკითხია, რომელზეც შემიძლია, ღიად გესაუბროთ და ეს არ ეხება დღევანდელ მოლაპარაკებებს. დიდი ხანია, ეს პოზიცია საჯაროდ ცნობილია. ჩვენი პარტნიორები, ყველა ნორმალური ადამიანი ჩვენი ქვეყნის შიგნითაც ისურვებდა, რომ პოლიტიკური პროცესები ძირითადად პარლამენტში იყოს.

ქუჩაში ლეგიტიმური აქციები ყოველთვის ნორმალურია, მაგრამ პარლამენტი არის მნიშვნელოვანი ადგილი. ჩვენ რომ არ გვაქვს, რბილად რომ ვთქვა, ნორმალური ვითარება, ამიტომაა ეს ამბავი და პროცესების პარლამენტში გადანაცვლებას სჭირდება პოლიტიკური შეთანხმება კრიზისიდან გამოსვლაზე, ამას სჭირდება შეთანხმება ყველა იმ პუნქტზე, რაც პრეზიდენტმა მიშელმა დასახა, მათ შორის, ყველაზე სწრაფად პოლიტიკური პატიმრების, მელიას და რურუას გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე“, – აღნიშნა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას შეფასებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შესვლა პარლამენტში, თუ ეს ნაბიჯი მოემსახურება ვადამდელი არჩევნებისთვის მზადებას და გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები. გიგა ბოკერიას განმარტებით, ასეთ შემთხვევაშიც, „არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლა ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი იქნება“.

„რაც შეეხება კითხვას, როდის შევა დღეს არსებული ოპოზიცია პარლამენტში, ამაზეც საჯაროდ ცნობილია ჩვენი პოზიცია. ამიტომ მე დღევანდელი მოლაპარაკების რამეს კი არ ვამხელ, ისედაც ცნობილია, რომ ოპოზიციისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება კომპრომისი არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლაზე, თუ შესვლა ემსახურება ვადამდელი არჩევნებისთვის მომზადებას და გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები“, – განაცხადა ბოკერიამ.