გიგა ბოკერია - პრეზიდენტი გაუგებარ ინტრიგებზე საუბრით საზოგადოების მიმართ სრული უპატივცემულობის გადაფარვას ცდილობს
გიგა ბოკერია - პრეზიდენტი გაუგებარ ინტრიგებზე საუბრით საზოგადოების მიმართ სრული უპატივცემულობის გადაფარვას ცდილობს

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილება დროულად გაასაჯაროვოს და პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში ინტრიგებზე მსჯელობას ნუ ამოეფარება.

ჟურნალისტებთან საუბარში გიგა ბოკერია პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აბსოლუტურად გაუგებარ და ნარცისისტურ მსჯელობაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტად მიაჩნია, პრეზიდენტმა ვის რა შანსი მისცა და სახელისუფლებო ან ოპოზიციურ კანდიდატებზე რას ფიქრობს.

„ეს მეორეხარისხოვანი საკითხია. პრეზიდენტობა პასუხისმგებლობაა ამომრჩევლისა და საზოგადოების წინაშე. მოქმედი პრეზიდენტისგან იმის დროზე თქმა, იყრის თუ არა კენჭს, მინიმალური პატივისცემაა ამომრჩევლისა და საზოგადოების მიმართ. ვწუხვარ, რომ პრეზიდენტი გაუგებარ ინტრიგებზე საუბრით იმის გადაფარვას ცდილობს, რომ საზოგადოების მიმართ სრულ უპატივცემულობას იჩენს, როცა საზოგადოებას საკუთარი გეგმების შესახებ არ ეუბნება. საზოგადოებას უნდა უპასუხოს, ასე რატომ იქცევა. რას ფიქრობს ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე, ეს ცალკე საკითხია და არ მაინტერესებს. საუბარია, ელემენტარულ პოლიტიკურ პატივისცემაზე საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რაც პრეზიდენტს ამომრჩევლის მიმართ ევალება”, – ამბობს ბოკერია.

ბოკერია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს სწორება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და ოპოზიციაზე არ უნდა ჰქონდეს, არამედ ამომრჩეველსა და საზოგადოებაზე.

„ეს არის უპატივცემულობა ამომრჩევლისა და საზოგადოების მიმართ და პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში ინტრიგებზე მსჯელობას ნუ ამოეფარება, ეს მესამე ხარისხის საკითხია. რას აპირებს და როგორ, ეს საზოგადოებას დროზე უნდა უთხრას და არა, ბოლო წამს რაღაც გაუგებარი ინტრიგების გამო”, – დასძინა ბოკერიამ.

გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობაზე პასუხის გაუცემლობით ეხმარება როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას. მისი თქმით, დღეს რომ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადოს, „ქართული ოცნება“ შეარჩევს კანდიდატს, რომელიც შემდგომში ყველაზე სუსტი და მორჩილი პრეზიდენტი იქნება.