გიგა ბოკერია – პრეზიდენტ ზურაბიშვილის გზავნილს ვიზიარებ, აუცილებელი პირობაა საქართველოს კრიზისიდან გამოსვლისთვის, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა
პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის გზავნილს იზიარებს და ეს აუცილებელი პირობაა საქართველოს კრიზისიდან გამოსვლისთვის.
„პრეზიდენტ ზურაბიშვილის გზავნილს ვიზიარებ თუ არა? კი, ნამდვილად ვიზიარებ, აუცილებელი პირობაა საქართველოს ამ კრიზისიდან გამოსვლისთვის, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა და რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ემუქრება და ჩვენი მტრის პოზიციებს აძლიერებს. ამ მთავრობის გადადგომა, ახალი არჩევნები და შემდეგ დაწყება ტრანსფორმაციის, რომ ამ ჭაობიდან, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა ქვეყანა, ამოვიდეთ და დამოუკიდებლობა დავიცვათ, დავბრუნდეთ დასავლურ ცივილიზაციაში, სადაც ერთადერთი შანსია ჩვენი თვითმყოფადობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის. ეს არის ის, რის გარშემოც საზოგადოების უდიდესი ნაწილია გაერთიანებული, ამიტომ გრძელდება პროტესტი და ამ სიმყარეს უნდა დაეყრდნოს ის, რაც მიგვიყვანს ამ შედეგის დადებამდე. ეს იყო დღეს ზურაბიშვილის გზავნილიც და ამას იზიარებს ძალიან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანების უდიდესი ნაწილი ამ ქვეყანაში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს აქციის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი ან, ბოლოსდაბოლოს, თუ სხვა არა, ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი“.