გიგა ბოკერია - პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი დარჩება საკვანძო თემად ქართული საზოგადოებისთვის, აქედან გამომდინარე თავისუფალი სამყაროსათვის, მათ შორის ევროკავშირისთვის
გიგა ბოკერია - პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი დარჩება საკვანძო თემად ქართული საზოგადოებისთვის, აქედან გამომდინარე თავისუფალი სამყაროსათვის, მათ შორის ევროკავშირისთვის

არის ხოლმე სამწუხარო ვითარებები ქვეყნისთვის, როცა ასეთი ხელისუფლება გყავს, მაგრამ ზოგჯერ კიდევ უფრო გაშიშვლება ვითარების, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვის, დისტანციიდან, საქართველოს პრიზმით, ვინც უყურებს საჭირო იყო. ამ ყველაფერს დადებითი მხარე თუ რამე აქვს, ამ მომენტში, არის ამ ხელისუფლების კიდევ უფრო გაშიშვლება ივანიშვილის გარემოცვისა და უუნარობის ყველა საკვანძო საკითხზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე ვერანაირი შეთანხმება ვერ შედგა.

„პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ვერც ერთ საკითხზე ვერ მივედით იქამდე, სადამდეც საჭირო იყო, განსაკუთრებით სრულიად შეურაცხადი პოზიცია იყო, ამდენი საათის განმავლობაში პოლიტპატიმრების საკითხზე, პოლიტიკური დევნისა და ვადამდელი არჩევნების საკითხზე. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ხალხს, კერძოდ ივანიშვილისგან აკრძალული აქვთ ნებისმიერ გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვებაც, ეს არის ამდენი საათი გაგრძელების ერთადერთი ახსნა. დათმობამდე საქმე არ მისულა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი წინადადება გვქონდა და მედიატორების ბევრი იდეა იყო ისეთი, რომელიც ამ ვითარებიდან ჩემი აზრით, გამოსავალს იპოვიდა. ვგულისხმობ, ყველა საკითხს და მათ შორის გამოვყოფდი, პოლიტიკურ დევნასა და პოლიტპატიმრებს- მელიას, რურუას და ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხს. ამ ფაზაში ეს ამბავი დასრულებულია, როდესაც მე ვლაპარაკობდი პოლიტიკურ შოკისმომგვრელ სიშიშვლეზე ამ რეჟიმის წარმომადგენლების, ეს დაინახა ყველამ. თუ იქნება ივანიშვილი და მისი გარემოცვა მზად, რომ ამ საქციელით ვერ შეინარჩუნებენ არსებულ ვითარებას, მაშინ შეიძლება კვლავ აზრი ჰქონდეს კონტაქტს. ბუნებრივია, პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი დარჩება საკვანძო თემად ქართული საზოგადოებისთვის და აქედან გამომდინარე თავისუფალი სამყაროსთვის, მათ შორის ევროკავშირისთვის“, – განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, ოპოზიცი აქციების გამართვას განაგრძობს.

„როგორც აქამდე ვამბობდი, ორი რამეა, რაც უნდა გაგრძელდეს. იმის, რაც დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ყველა შემთხვევაში გაფართოვდება, ვგულისხმობ ღია მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროკავშირის ღია მხარდაჭერას დემოკრატიის მიმართ, რაც გულისხმობს ყველა ვარიანტში წნეხს. ქვეყნის შიგნით გაგრძელდება დაგეგმილი, მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე საპროტესტო მოძრაობა. აუცილებელია მშვიდობიანი, ოღონდ დაგეგმილი აქციების გაგრძელება და დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება“, – განაცხადა ბოკერიამ.