გიგა ბოკერია - პოლიტიკური მმართველობიდან ივანიშვილის გუნდის გაძევება 28 ოქტომბრიდან დაიწყება
გიგა ბოკერია - პოლიტიკური მმართველობიდან ივანიშვილის გუნდის გაძევება 28 ოქტომბრიდან დაიწყება

ეს არის ივანიშვილის  გუნდის მორიგი, მაგრამ დიდი მასშტაბის უტიფარი განცხადება,- ასე შეაფასა ჟურნალისტებთან გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების” დღევანდელი განცხადება. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ფარული ჩანაწერების გავრცელებით გაიშიფრა ქვეყანაში არსებული სისტემური და ვერტიკალური კორუფციის სქემა.

„აღნიშნული  სქემა არა უბრალოდ ერთი ბიზნესმენის განცხადებით დასტურდება, რომელიც გადააგდეს, არა მხოლოდ ჩანაწერებით, სადაც ამ სქემაზე ყოფილი თანამდებობის პირები და ხელისუფლებასთან დაახლოვებული ბიზნესმენები საუბრობენ, არამედ რეალურ ცხოვრებაში მომხდარი ამბებით. მაგალითად „ფილიპ მორისთან“ დაკავშირებული სასამართლოთი“,-აცხადებს გიგა ბოკერია .

ევროპული საქართველოს წევრი ასევე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის დასკვნასაც შეეხო და აღნიშნა, რომ სიცრუეა, თითქოს კომისიამ საქმის პოლიტიკური მოტივი ვერ დაადგინა. გიგა ბოკერიას თქმით, 28 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ საკადრისი პასუხი გაეცემა.

„ჩვენს თვალწინ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ხელი დააფარეს შესაძლო მკვლელს და ეჭვმიტანილს მხოლოდ იმიტომ, რომ ის თანამდებობის პირის ახლობელი იყო. ეს ხალხი ბედავს და ოპონენტების წინააღმდეგ უტიფრად კიდევ ტალახს ისვრის. უტიფარ სიცრუეს ამბობენ, მაგალითად ხორავას ქუჩაზე, რომ კომისიამ პოლიტიკური მოტივი ვერ დაადგინა. კომისიამ სწორედ პოლიტიკური მოტივი დაადგინა, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილს ხელი თანამდებობის პირებმა თანამდებობის პირის ახლობლობის გამო დააფარეს. დეტალებში შესვლას აღარ გავაგრძელებთ. ამ ხალხმა გაბედა და საპრეზიდენტო კანდიდატად დაგვისახელა ადამიანი, რომელიც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს და მეტყველებს. 28 ოქტომბერს მათ პასუხი უნდა გავცეთ. დარწმუნებული ვარ, ეს პასუხი ძალიან მკაფიო იქნება და ივანიშვილის გუნდის გაძევება პოლიტიკური მმართველობიდან ამ პასუხით დაიწყება”,-აცხადებს გიგა ბოკერია.