გიგა ბოკერია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ფაშიზმის მსხვერპლთა შეურაცხყოფად მიიჩნევს
გიგა ბოკერია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ფაშიზმის მსხვერპლთა შეურაცხყოფად მიიჩნევს

ოპოზიციონერი დეპუტატი გიგა ბოკერია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ფაშიზმზე გაკეთებულ განცხადებას იმ ადამიანების ხსოვნის შეურაცხყოფად აფასებს, ვინც ფაშიზმს შეეწირა.

როგორც ჟურნალისტებს ბოკერიამ განუცხადა, უმძიმესი ვითარებაა, როცა პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის ლიდერი ასეთ განცხადებებს აკეთებს.

„ეს ყველაფერი ორ დიდ პრობლემაზე მიგვითითებს. ეს არის დიდი შეურაცხყოფა იმ ადამიანების ხსოვნის, ვინც ფაშიზმს, ამ დიდ უბედურებას შეეწირა. მანამდე კობახიძემ რიტორიკულად ჰოლოკოსტი დაგვაბრალა, რაც დიდი შეურაცხყოფაა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედიის. მას არ ესმის, რომ ამით ტკივილს ჩვენ კი არ გვაყენებს, ამ ადამიანების ხსოვნას ამაიმუნებს და აბაიბურებს. სიტყვის თავისუფლების ფარგლებშიც კი ასეთი ეპითეტების გამოყენება მიუღებელია.

კრიტიკულ ვითარებაში არიან, რადგან ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავთ, რომელიც არჩევნებს აგებს. ამიტომ, სახეს და საქციელს კარგავენ და ყველანაირი სტანდარტიდან ამომხტარები არიან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის მართვისთვის მზად არ არიან”, – განაცხადა ბოკერიამ.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქპოსტი გაავრცელა, რომელშიც წერს: „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება“.

ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გვარამიას  განცხადებას დღემდე არასამთავრობო ორგანიზაციები არ გამოხმაურებიან.

„ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე, სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.