გიგა ბოკერია - ოპოზიცია მოწადინებულია, რომ მოლაპარაკების გზით ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი კრიზისი განმუხტოს
გიგა ბოკერია - ოპოზიცია მოწადინებულია, რომ მოლაპარაკების გზით ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი კრიზისი განმუხტოს

ოპოზიცია მოწადინებულია, რომ მოლაპარაკების გზით კრიზისი, რომელიც შექმნა ივანიშვილის რეჟიმმა მისი სამარცხვინო ნაბიჯებით და ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯებით, განიმუხტოს – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„რას იზამს ივანიშვილის რეჟიმი და რომელ მომენტში, ამის პროგნოზისგან თავს შევიკავებ. ოპოზიციას აქვს მყარი პოზიცია, მის სიტყვას აქვს ფასი და ივანიშვილის რეჟიმი რა მომენტშიც მოვა გონს და მიხვდება, რომ ვერ შეინარჩუნებს არსებულ ვითარებას, აი იმ მომენტში შანსები გონივრულ შეთანხმებაზე გაიზრდება და ეს შეთანხმება შეიძლება იყოს ვადამდელი ნორმალური არჩევნები. ეს როდის მოხდება, ვერ გეტყვით, ჩვენ მოწადინებულები ვართ მოლაპარაკების გაგრძელებისთვის.

რაც შეეხება კანონპროექტს, დაფინანსების საკითხი არ არის მთავარი. მთავარი საკითხი არის ოპონენტის რეგისტრაციიდან მოხსნის მუქარა აბსურდული იურიდიული საბაბით. ეს არის პუტინის რუსეთის გზა. როცა სხვა გზა გამოგელევა და ოპონენტს პოლიტიკურ ცხოვრებაში, არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევ, ეს არის საგანგაშო. ამის მუქარაც კი აჩვენებს სახეს ავტორიტარიზმის ივანიშვილის, რომელიც არის გზა დიქტატურისკენ. ამიტომ უნდა აღვუდგეთ ამას წინ, უნდა მივაღწიოთ ვადამდელ ნორმალურ არჩევნებს, რომ ეს კაცი ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას ქვეყნისთვის ნაკლები რისკებით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.