გიგა ბოკერია - მაჟორიტარ კანდიდატებზე შეუთანხმებლობა პირველ და მეორე ტურს შორის მავნებლობისა და ნევროზული ნაბიჯების რისკს ზრდის
გიგა ბოკერია - მაჟორიტარ კანდიდატებზე შეუთანხმებლობა პირველ და მეორე ტურს შორის მავნებლობისა და ნევროზული ნაბიჯების რისკს ზრდის

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით თბილისში მიღწეული შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, ის არავის მხრიდან არ შეიცვლება და არ დაირღვევა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

რაც შეეხება რეგიონებს, ბოკერიას თქმით, ამ საკითხზე „ევროპული საქართველოს“ პოზიცია ყველასთვის ცნობილია.

„საჭიროდ მივიჩნიეთ, ამომრჩეველს სცოდნოდა, რომ ჩვენ გონივრულად მიგვაჩნია საკვანძო ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატების შეჯერება არა მარტო „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს შორის, რადგან  ეს შეამცირებს ქვეყნისთვის შარის რისკებს, თუ პირველ ტურში გვინდა, რომ გადავიზღვიოთ თავი. სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ეს ხედვა. რაციონალური, გონივრული არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, სამწუხაროა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თბილისის შეთანხმება გვაძლევს ფორას პირველ ტურში, რაც მნიშვნელოვანია. დანარჩენში წააგებს ბიძინა ივანიშვილი პროპორციულად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ იწყებს კამპანიას, საკუთარ კანდიდატებს მალე წარადგენს.  დეპუტატი ამბობს, საკვანძო საკითხია, ამომრჩევლები მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ მთლიანად ევროპულ ოპოზიციას.

„ევროპული საქართველო“ იღწვის იმისთვის, რომ საკვანძო საკითხებში არსებობდეს ხედვა, საით წავა ქვეყანა – მცირე მთავრობა, დაწეული გადასახადები, მეტი თავისუფლება, სასამართლო რეფორმა პირველივე 100 დღეში, გარღვევა და ადამიანებისთვის მეტი შანსის დატოვება, მათი შრომით მოპოვებული დოვლათით გამოძვრნენ სიღარიბიდან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე – მიაჩნია, თუ არა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევენ, დეპუტატი ამბობს, რომ ამ საკითხზე „ნაცმოძრაობიდან“ არაგონივრული არგუმენტები მოისმინა.

„სამწუხაროდ, მათი პასუხი მოვისმინეთ, რომ – არ გვაინტერესებს ეს. შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო და არაგონივრული არგუმენტები მოვისმინეთ – ჩვენ ყველგან წინ ვართ. ხომ ვიცით, რომ წინ არიან წინა არჩევნების შედეგით და მსხვილი ოპოზიციური პარტია არის, მაგრამ მარტო მათი ხმები საკმარისი არ არის, ამიტომ ეს არ არის გონივრული არგუმენტი, მაგრამ მოვისმინეთ, გავიარეთ. თბილისში გვაქვს შეთანხმება და დაწყებულია კამპანიის აქტიური ფაზა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვების რისკს არ ზრდის ოპოზიციაში მაჟორიტარ კანდიდატებზე შეუთანხმებლობა, თუმცა იზრდება მავნებლური ნაბიჯების რისკი.

„გამარჯვების რისკებს არა, მაგრამ შარიანი, სულელური, მავნებლობებისა და ნევროზული ნაბიჯების რისკებს ზრდის პირველ და მეორე ტურს შორის, თორემ გამარჯვებით ვერ გაიმარჯვებს. არ მგონია, დემორალიზება მოხდეს ამომრჩევლის, ეს არ არის ჩვენი მიზანი, უბრალოდ ამომრჩეველს უნდა სცოდნოდა, ვის რა ხედვა ჰქონდა, რადგან ჩვენ ერთმანეთის კონკურენტებიც ვართ ცივილიზებულად. უნდა იცოდნენ, ვინ უფრო გონიერია დაგეგმვაში. სხვებთან ერთად, მაგრამ, პირველ რიგში, ევროპული საქართველოს ინიციატივა იყო თბილისის შეთანხმებაც. ეს იცის ყველამ“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ ოლქების უმრავლესობაში მაჟორიტარობის კანდიდატებს  უახლოეს დღეებში წარადგენს.

„წინასწარ ვერანაირ რიცხვს ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ უახლოეს დღეებში გვექნება მაჟორიტარების წარდგენა ოლქების უმრავლესობაში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დატოვე კომენტარი