გიგა ბოკერია - ნოღაიდელს არანაირად არ ვაფასებ, ის შეფასებული, განაწილებული, დახარისხებულია და მასზე ზედმეტის თქმა საჭირო აღარ არის
გიგა ბოკერია - ნოღაიდელს არანაირად არ ვაფასებ, ის შეფასებული, განაწილებული, დახარისხებულია და მასზე ზედმეტის თქმა საჭირო აღარ არის

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება არ არის მიღწეული, რადგან სამწუხაროდ, შეუთავსებელი პოზიციებია და საქართველოს ინტერესია, ჩვენი პოზიცია დავიცვათ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ დავით გარეჯის საზღვრის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული პირები წლების განმავლობაში ქვეყანას ემსახურებოდნენ და მათი დაპატიმრება უკანონობაა.

„ეს არის კიდევ ერთი კატასტროფული, ყველაზე სამარცხვინო შემთხვევა – ორი უდანაშაულო ადამიანის დაპატიმრება. ვიცნობ მათ, რომლებიც ამ ქვეყანას ემსახურებოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში. ამ ხალხის ციხეში ჩაგდება სრულიად უკანონოდ, მხოლოდ იმისთვისაა, რომ აგორდეს ბინძური კამპანია, ისევ შავ-თეთრი სურათისთვის და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხდება გარკვეული ჯგუფების, ბიზნესმენების, სამწუხაროდ, ზოგიერთი სასულიერო პირის გამოყენებით, ძალიან სახიფათო გზავნილით ჩვენს რეგიონში. ივანიშვილის რეჟიმი არ ერიდება არავის, ფაქტებს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება არ არის მიღწეული, რადგან სამწუხაროდ, შეუთავსებელი პოზიციებია და საქართველოს ინტერესია, ჩვენი პოზიცია დავიცვათ. ჯერ არაა მოხერხებული, ეს არ აინტერესებთ. ამ თემის საარჩევნო კამპანიისთვის გამოყენება ხდება და ამას ეწირება ორი უდანაშაულო ადამიანი. ეს არის მაგალითი, რატომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. საქართველო არასოდეს არ დათანხმებია სადავო ნაწილს. აი, იმ კომპლექსის იმ ნაწილში საზღვრის დელიმიტაციაზე დღესაც არ არის შეთანხმება.

ნოღაიდელს არანაირად არ ვაფასებ. ის შეფასებული, განაწილებული და დახარისხებულია. არანაირი ზედმეტის თქმა აღარ არის საჭირო ნოღაიდელზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შვიდ ოქტომბერს დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ 1938 წლის 1:200 000-იანი მასშტაბის რუკის არსებობის შესახებ მხოლოდ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების შედეგად შეიტყო.

ნოღაიდელის ინფორმაციით, 2005 წელს, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დავით გარეჯის სამი სალოცავი აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა, რის შემდეგაც სააკაშვილმა გააკეთა დასკვნა, რომ მთავარი ამოცანა მათი რესტავრაციაა.

ამასთან, ნოღაიდელის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით მისი ყოფილი კოლეგების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო გაკვირვებულია. კერძოდ, ნოღაიდელი გამოეხმაურა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ დავით გარეჯის საზღვრების თემაზე გამოძიება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება. ზურაბ ნოღაიდელის განმარტებით, თავად დაინტერესებულია, გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, ყველაფერი გაირკვეს და მისი სახელი გამართლდეს.