გიგა ბოკერია - ნებისმიერი განცხადება, რომელიც ერთ კონტექსტში განიხილავს პუტინის აგრესიას და დასავლეთის პოლიტიკას, აზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს
გიგა ბოკერია - ნებისმიერი განცხადება, რომელიც ერთ კონტექსტში განიხილავს პუტინის აგრესიას და დასავლეთის პოლიტიკას, აზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

ნებისმიერი განცხადება, რომელიც ერთ კონტექსტში განიხილავს პუტინის აგრესიას მეზობელი ქვეყნებისა და თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ და თავისუფალი სამყაროს, დასავლეთის პოლიტიკას, აზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და აძლიერებს პროპუტინურ ნარატივს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ამ ტიპის განცხადებებს აკეთებდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ნებისმიერი განცხადება, რომელიც ერთ კონტექსტში განიხილავს პუტინის აგრესიას მეზობელი ქვეყნების, საქართველოს, უკრაინის და თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ და თავისუფალი სამყაროს, დასავლეთის პოლიტიკას, თუნდაც ისეთს, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით, აზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და აძლიერებს პროპუტინურ ნარატივს, პროპაგანდას. ძალიან ვწუხვარ, როდესაც მესმის ასეთი განცხადებები ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსისგან“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას განცხადებით, იმედი აქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მკაფიო პოზიციას დააფიქსირებენ ამ საკითხზე. თუმცა, მისივე თქმით, ასეთი შინაარსის განცხადების გამო „ქართული ოცნების“ მხრიდან ვინმეს კრიტიკა ღიმილის მომგვრელია.

„ორმხრივი ამბავია ეს. როდესაც „ქართული ოცნება“ ვინმეს უკითხავს მორალს ამ საკითხზე, ესეც რა თქმა უნდა ღიმილს იწვევს, რადგან ისინი თვითონ იყვნენ ყოველთვის ალიანსში იმ ძალებთან, ვინც ღიად ანტიდასავლურ პროპაგანდას აწარმოებენ და განსაკუთრებით სამწუხაროა, როდესაც ამ პოლიტიკური წარსულის მქონე ფიგურა ასეთ განცხადებას აკეთებს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების პოზიციასთან მიმართებით, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ მოლოდინებზე არ ისაუბრებს. ​„ვისაუბრებ ჩემს იმედზე, რომ პროდასავლური პარტიის წარმომადგენლები მკაფიო პოზიციას დააფიქსირებენ ამ საკითხთან დაკავშირებით“, – დასძინა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, პრობლემა არა დასავლეთის კრიტიკაში, არამედ პუტინის აგრესიისა და დასავლეთის პოლიტიკის ერთ კონტექსტში განხილვაშია.

„ხაზს ვუსვამ, საკამათო ის კი არა არის, რომ დასავლეთის ან ნებისმიერი დასავლეთის მსხვილი ქვეყნის, ჩვენი მეგობარი ქვეყნის პოლიტიკის კრიტიკა არ შეიძლება. ეს ჩვეულებრივი ამბავია. პუტინის სამხედრო აგრესიისა და ძალადობის და დასავლეთის ნებისმიერი, თუნდაც ჩვენი აზრით მცდარი პოლიტიკის ერთ კონტექსტში განხილვა არის ძალიან საზიანო. ზუსტად ეს არის, რასაც რუსეთის ფედერაცია აკეთებს. მათ არ სურთ მაინც და მაინც, რომ ისინი ჩანდნენ კარგ შუქში. თქვენ ალბათ მოგისმენიათ ჩვენი პრორუსული, პროპუტინური ძალების განცხადებები, აი, „პატრიოტთა ალიანსის“ და „ქართული ოცნებისაც“ ზოგჯერ, ასევე ნინო ბურჯანაძის, რომ არც პროდასავლურები ვართ, არც პრორუსულები, ჩვენ პროქართულები ვართ. ეს არის კოდური სიტყვა, იყო ანტიდასავლური და პრორუსული. ეს არის, რაც პუტინს სჭირდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 12 აპრილს ვარშავაში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ზედმეტად წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, ისევე, როგორც არავის სჭირდებოდა ზედმეტად წარმატებული საქართველო. მისივე თქმით, ერთი მხრივ, არსებობს პუტინი, რომელსაც უკრაინა არ სჭირდება, ხოლო მეორე მხრივ – დასავლეთი კოლონიალური მიდგომებით.