გიგა ბოკერია - „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ასევე „ლელოს“ განცხადებები არათანმიმდევრული და საზიანოა
გიგა ბოკერია - „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ასევე „ლელოს“ განცხადებები არათანმიმდევრული და საზიანოა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების და მათ შორის, „ლელოს“ განცხადებები არათანმიმდევრული და საზიანოა, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა მნიშვნელოვანი ნაწილის და მათ შორის, „ლელოს“ განცხადებები, ჩვენი აზრით, არის არათანმიმდევრული და საზიანო. არ შეიძლება, თან იძახდე, არჩევნები გაუქმდა და აზრი არ აქვს და მეორე მხრივ, ამბობდე, რომ პარლამენტში ბოიკოტს ვწყვეტ, რადგან გორის ციხეში გადაიყვანეს პოლიტპატიმარი სააკაშვილი. ეს სრულიად შეუთავსებელი ცნებებია, როცა ერთად ხარ და ამას იძახი. არ შეიძლება, შექმნა მოლოდინი, რომ სწრაფად გადაწყდება საკითხი, როცა ამის წინაპირობა არ გაქვს. შეიძლება, რაღაც მოხდეს, ათასი რამ, მაგრამ როცა შენ წინაპირობა არ გაქვს და ადამიანებს, რომლებიც ლეგიტიმურად არიან გაბრაზებული, ზოგჯერ, არაადეკვატური მოლოდინები აქვთ, ამ განწყობილებებზე ითამაშო, რათა ისინი მოიმხრო, მერე დადგება ის ხვალინდელი დღე და შედეგი არ არის, ამით საქმეს აფუჭებ, სასოწარკვეთას აღრმავებ“, – განაცხადა ბოკერიამ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია საერთო ოპოზიციური მიზნის მიღწევა იმ ვითარებაში, როდესაც ოპოზიციაში ასეთი აზრთა სხვადასხვაობაა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება არის არა ოპოზიციური, არამედ საზოგადოების მიზანი.

„ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანად დამარცხება, არჩევნების გზით და თუ ეს აუცილებელი გახდა, სამწუხაროდ, ოღონდ, ეს სასურველი არ არის, არასაარჩევნო, მშვიდობიანი პროცესის გზით, არის საზოგადოების და ქვეყნის ამოცანა და არა ოპოზიციის – ან „ევროპული საქართველოს“, ან „ლელოს“, „გირჩის“, „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის“, – განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, ხედავს თუ არა თავს მისი პარტია იმ საინიციატივო ჯგუფში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ არც იცის, რა საინიციატივო ჯგუფზეა საუბარი.

„მე არც ვიცი, რა საინიციატივო ჯგუფი იქნება. არანაირი საინიციატივო ჯგუფი ჩვენ არ გვჭირდება ამ პრინციპული პოზიციის გასატარებლად, რამდენადაც შეგვიძლია, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ზოგიერთი ლიდერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანაა ხელისუფლების შეცვლის წინაპირობა, რაც არალოგიკური და მცდარი მოსაზრებაა.

„ზოგიერთი იძახის, ან მეორე ტურის წინ იძახდა, რომ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანაა ხელისუფლების შეცვლის წინაპირობა, რაც არალოგიკური და მცდარი მოსაზრებაა. ივანიშვილის რეჟიმის დასრულება, არსებითად დასუსტებაა საჭირო, რომ პოლიტიკური დევნა საერთოდ შეწყდეს და კერძოდ, სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, ის გათავისუფლდეს“, – განაცხადა ბოკერიამ.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, არსებული რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია ვადამდელი არჩევნებით, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას კი სჭირდება არა ერთი, ან სამი დიდი აქცია, არამედ მოცვა ისეთ შრეებში, რომლის იგნორირებაც შეუძლებელი იქნება.

„თუ ამას დაემთხვევა ისეთი მოვლენა, რომლის განჭვრეტა ახლა შეუძლებელია, ეს ხდება ხოლმე ასეთი რეჟიმებისთვის იძულების მშვიდობიანი ინსტრუმენტი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.