გიგა ბოკერია - მთლიანად ოპოზიციური სპექტრის პოზიცია იგივეა, ორი კომპონენტი გვაქვს, რომლის გარეშეც შეთანხმებაზე და ნორმალიზებაზე საუბარი შეუძლებელია
გიგა ბოკერია - მთლიანად ოპოზიციური სპექტრის პოზიცია იგივეა, ორი კომპონენტი გვაქვს, რომლის გარეშეც შეთანხმებაზე და ნორმალიზებაზე საუბარი შეუძლებელია

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ და ოპოზიციური სპექტრის პოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, უცვლელია.

ბოკერიას განმარტებით, ვერანაირ შეთანხმებაზე საუბარი ვერ იქნება პოლიტიკური დევნის შეჩერების, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და საარჩევნო სისტემაზე ისეთი კომპრომისის გარეშე, რომელიც საზოგადოების დაკვეთას პასუხობს.

„ვითარება არანაირად არ შეცვლილა, ჩვენი პოზიცია არის იგივე, ჩვენი პოლიტიკური გუნდის, გავრისკავ და ვიტყვი, რომ მთლიანად ოპოზიციური სპექტრის. ორი კომპონენტი გვაქვს იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყანაში ნორმალიზაცია. ერთი არის პოლიტიკური დევნის შეჩერება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და მეორე – საარჩევნო სისტემაზე ისეთი კომპრომისი, რომელიც საზოგადოების დაკვეთას პასუხობს. ეს ორივე კომპონენტი არის ურთიერთდაკავშირებული, ცალ-ცალკე არ არსებობს. შეუძლებელია ერთ-ერთის გარეშე ლაპარაკი იყოს რაიმე პოლიტიკურ შეთანხმებაზე და ნორმალიზაციაზე. მოდით, ხელისუფლებამ ისაუბროს, რა შეთავაზებები აქვს, მე ვერ ვხედავ ჯერ ვერანაირ არსებით გააზრებას ივანიშვილისგან და შემდეგ უკვე მისი სხვადასხვა პოლიტიკური სპიკერისგან, თუ კლოუნისგან, რომ უნდათ, არსებითად შეიცვალონ პოზიცია და მოეგონ გონს. თუ ეს მოხდება, მოხარული ვიქნები. ჯერ ამას ვერ ვხედავ, როგორც კი დავინახავთ, ჩვენი პოზიცია ყველამ იცის. იქამადე ვემზადებით არსებული სისტემით არჩევნებისთვის და სამწუხაროდ, ველით, რომ ის გააგრძლებს რეპრესიებს“ ,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიცის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გრიგოლ ვაშაძე და თინა ბოკუჩავა, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი, „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები თამარ ჩუგოშვილი და მარიამ ჯაში.