გიგა ბოკერია - მთავრობამ დაგვიანებით, არაადეკვატური და მავნებლური გეგმა წარმოადგინა
გიგა ბოკერია - მთავრობამ დაგვიანებით, არაადეკვატური და მავნებლური გეგმა წარმოადგინა

ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საზოგადოებამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასგან დაგვიანებული, ზედაპირული, მავნებლური ინსტიქტებითა და არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე, ბუნდოვანი პრეზენტაცია მოისმინა.

გიგა ბოკერია მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ ხდება გადასახადების რეალურად დაწევა, ასევე მოქალაქეებისა და მეწარმეებისთვის წნეხის შემცირება.

„პირდაპირი დახმარება არის გაუგებარი, არასწორი, არასაკმარისი კრიტერიუმებითა და მცირე, რადგან არ ხდება დერეგულირება და ისევ ინარჩუნებენ მთავრობის როლს, რომ არჩევანი გააკეთონ, ვის რა მისცენ. თითქოს, მათ უკეთ იციან, ჩვენ ჩვენს ფულს როგორ დავხარჯავთ, რაც კორუფციის რისკიც არის და ყველა ვარიანტში მავნებლობაა. საპენსიო შენატანზე ანუ ფულზე, რომელიც ხალხს ეკუთვნის და თავად შეიტანა, ისევ უარს ეუბნებიან, რომ შანსი ჰქონდეთ, ამ გაჭირვების დროს გამოიყენონ და ამ გადასახადს არც კი აჩერებენ. სამწუხარო რეალობაა, რომ ასეთი დაგვიანებით, ასეთი არაადეკვატური და მავნებლური გეგმა წარმოადგინეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ საპენსიო ფულის დაბრუნებაზე კამპანიას გააგრძელებს.

„ევროპული საქართველო“ ვაპირებთ, გავაგრძელოთ წნეხი და სადღაც მაინც სწორი ნაბიჯები გადავადგმევინოთ, მაგალითად, საპენსიო ფულის დაბრუნებაზე და ეს კამპანია გაგრძელდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.