გიგა ბოკერია - შეკრებებზე სავალდებულო შეზღუდვების შემთხვევაში, მთავრობა ვალდებულია, შეზღუდვა შეეხოს ყველას, მათ შორის მართლმადიდებლურ ეკლესიას
გიგა ბოკერია - შეკრებებზე სავალდებულო შეზღუდვების შემთხვევაში, მთავრობა ვალდებულია, შეზღუდვა შეეხოს ყველას, მათ შორის მართლმადიდებლურ ეკლესიას

მორწმუნე ადამიანებს, ან მათ ნაწილს უფლება აქვთ, არ სჯეროდეთ მეცნიერების, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა ზიარების წესთან დაკავშირებით წმინდა სინოდის გადაწყვეტილების შესახებ.

„მორწმუნე ადამიანებს, ან მათ ნაწილს უფლება აქვთ, არ სჯეროდეთ მეცნიერების, ან მიიჩნევდნენ, რომ მათი მნიშვნელოვანი რელიგიური რიტუალის დროს მეცნიერება არ მუშაობს, როგორც ახლა გვესმის, თურმე, კოვზით ზიარებისას დაავადება არ გადავა ადამიანებზე, რაც ჩემთვის არის აბსურდი, მაგრამ მათ აქვთ უფლება, რომ ამის სჯეროდეთ. თუმცა ეს უფლება სამოქალაქო სეკულარულ სახელმწიფოში მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვების უსაფრთხოება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი შეფასებით, მთავრობა ვალდებულია, თუ სავალდებულო შეზღუდვებს დააწესებს შეკრებებზე, ეს ყველას შეეხოს, მათ შორის ეკლესიას.

„მთავრობა ვალდებულია, რომ თუ სავალდებულო შეზღუდვებს დააწესებს, შეკრებებზე ან იმ ტიპის ქმედებებზე, რომელიც ძალიან ზრდის გავრცელების რისკებს, ეს შეეხოს ყველას და მათ შორის პირველ რიგში, ყველაზე დიდ რელიგიურ კონფესიას, რაც არის მართლმადიდებლური ეკლესია. სრულიად გაუგებარი იქნება, თუ ასე არ მოხდება. როცა გაქვს დიდი გავლენა, ამას მოჰყვება პასუხისმგებლობა. რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უპასუხისმგებლოა განცხადებები იმაზე, რომ – ვცდით კოვზით, თუ სხვანაირად რაღაცების გაკეთებას, თუ დადასტურდა, რომ ვრცელდება დაავადება, მერე გადავიფიქრებთ.

არსებობს საღი აზრი მეცნიერული, რომ ასეთი გზით გავრცელების რისკი იზრდება უაღრესად. ეს იდეების გავრცელების შეზღუდვა კი არ არის, ეს არის დაავადებების გავრცელების რისკების შემცირება და აქედან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს ყველა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საპატრიარქოში გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სინოდის განჩინებაში აღნიშნულია, რომ „წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა მათთვის, ვინც რწმენითა და საეკლესიო წესების დაცვით ეზიარება, ამიტომაც ეკლესიის წევრებისთვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია“.