გიგა ბოკერია - მომდევნო აქციებზე ფიზიკური კონტაქტის შესაძლებლობას გამოვრიცხავთ, ახალი ფორმით ჩატარდება და პროპაგანდისთვის საბაბს მოვსპობთ
გიგა ბოკერია - მომდევნო აქციებზე ფიზიკური კონტაქტის შესაძლებლობას გამოვრიცხავთ, ახალი ფორმით ჩატარდება და პროპაგანდისთვის საბაბს მოვსპობთ

მომდევნო აქციებზე ფიზიკური კონტაქტის შესაძლებლობას გამოვრიცხავთ, ახალი ფორმით ჩატარდება და პროპაგანდისთვის საბაბს მოვსპობთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის შიგნით და გარეთ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ამისთვის საბაბს ეძებს, ოპოზიცია კი მომდევნო აქციებზე ისეთ დისტანციას დაიჭერს, რომ ეს საბაბი მოისპოს.

„გუშინდელი დღის შემდეგ, როდესაც შარლ მიშელმა რეალობიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი ზღვრები დაადგინა და საკითხების ნუსხა შემოგვთავაზა, დღეს ვხედავთ პირველსავე მცდელობებს, რომ პრობლემები შეუქმნან შანსებს. ღარიბაშვილის განცხადება სხვა არაფერი იყო. ამ ადამიანებს, რომლებიც სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების და გარე მეგობრების შეცდომაში შესაყვანად საბაბს ეძებენ, სწორედ ამ საბაბს მოვუსპობთ. მომდევნო აქციებზე ფიზიკური კონტაქტის შესაძლებლობას გამოვრიცხავთ, მაგალითად, დღევანდელი ფორმა როგორიც იყო, ასეთი აღარ იქნება.

დღევანდელი აქცია იყო სრულიად ლეგიტიმური და მშვიდობიანი, თუმცა ვხედავთ, რომ პროპაგანდაში იმის გამოყენება ხდება, სადაც შეიძლება პოლიციის მხრიდან ფიზიკური შეხების არალეგიტიმური საბაბი იყოს. იმხელა დისტანციას დავიჭერთ, რომ სწორედ ამ საბაბს მოვუსპობთ. ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების სახელით ვლაპარაკობ. კარვები დარჩება ისე, როგორც არის. აქციები, რომელიც დაგეგმილი გვქონდა, ჩატარდება მხოლოდ ახალი ფორმით. 13-ში რა მსვლელობაც იყო, იმას არანაირი პრობლემა არ აქვს. ვნახეთ დღეს რა პრობლემაც ჰქონდა პიკეტირებას, ვთქვით, რომ არანაირ ბლოკირებას არ ვაპირებთ, თუმცა მაინც მოხდა მცირე ინციდენტები. მერე ვხედავთ, რომ ამ ლეგიტიმურ, კონსტიტუციურ პროტესტს საბაბად იყენებენ პროპაგანდაში და ისე ვიზამთ, რომ ამ საბაბის გამოყენება ვერ შეძლონ ან ძალიან გაუჭირდეთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.