გიგა ბოკერია - მმართველი გუნდის შემოთავაზება თამაშის წესების თვალსაზრისით არაფერს ცვლის და არასერიოზულია
გიგა ბოკერია - მმართველი გუნდის შემოთავაზება თამაშის წესების თვალსაზრისით არაფერს ცვლის და არასერიოზულია

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ შეთავაზებასთან დაკავშირებით მსჯელობას ოპოზიცია არ აპირებს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლების წინადადება არასერიოზულია და არაფერს ცვლის, თუმცა ოპოზიცია მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავს.

ბოკერია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის ამ პროცესში ჩართვა და კონკრეტული წინადადების წარდგენა საერთაშორისო ზეწოლის შედეგია.

„შინაარსი არის აბსოლუტურად არასერიოზული, უბრალოდ, ადასტურებს, როგორ წნეხში არის ივანიშვილის რეჟიმი და ეს კლოუნების ბანდა, რომ წვალობენ. ჯერ ამბობდნენ, საერთოდ არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს ამ კრიმინალებთანო, მერე დავსხდებით, მაგრამ ჩვენ რა უნდა ვუთხრათ, იმათ უნდა შემოგთავაზონო და ახლა გადადგეს ნაბიჯი. დიახ, წნეხის ქვეშ არიან და იქნებიან უფრო მეტი წნეხის ქვეშ. თვითონ ის, რომ წინადადებით მოვიდნენ, აღსანიშნავი ამბავია, მაგრამ შინაარსი არასერიოზულია, რადგან თამაშის წესებს არ ცვლის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქართულ საზოგადოებას უნდა, არა მარტო ეს სამარცხვინო ხელისუფლება, არამედ  არც ერთი ხელისუფლება აღარ იყო უკონტროლო“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დეპუტატის შეფასებით, პროპორციული არჩევნები ასეთი რისკის შემცირების საშუალებაა.

„პროპორციული არჩევნები არის საშუალება იმ რისკის შემცირების, რომ მივიღოთ სუპერ უმრავლესობა, სადაც ნებისმიერ ხელისუფლებას ექნება განცდა, რომ ის უკონტროლოა. ჩვენი ამოცანა დათმობა კი არა, ჩვენი ამოცანაა, ქვეყნისთვის სწორი შედეგის მიღება. ეს ბოლო შემოთავაზება არაფერს ცვლის თამაშის წესების თვალსაზრისით, ამიტომ არის არასერიოზული. ივანიშვილმა გასცა პირობა დაღვრილი სისხლის და გავრილოვის ღამის შემდეგ, მერე ხალხს უთხრა, გადაგაგდებთ, ფეხებზე მკიდიხართო, ახლა  გონს უნდა მოეგოს, გადადგას ნაბიჯი პროპორციული არჩევნებისკენ, ეს არის განმუხტვის გზა. ის, რომ მოუწია დაჯდომა მოლაპარაკებებზე და გადათქმა თავისი სიტყვის, ადასტურებს, რამხელა წნეხის ქვეშ არის ქვეყნის შიგნით და გარეთ, მაგრამ შედეგისთვის ჩვენ გვჭირდება მათი პირობის შესრულება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მმართველი გუნდი პარლამენტში მაჟორიტარული მანდატების შემცირების ინიციატივით გამოდის. „პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას, შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გავზარდოთ პროპორციულობის წილი ამ სისტემაში. ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს, ნაცვლად 77-ისა, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-დე შემცირდება. შესაბამისად, იქნება 100 პროპორციული მანდატი მომავალ პარლამენტში, თუ ეს შეთანხმება შედგა და იქნება 50 მაჟორიტარული მანდატი“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გუშინ ბრიფინგზე, რომელიც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების დიალოგის მეოთხე რაუნდის შემდეგ გაიმართა.