გიგა ბოკერია - მიუხედავად იმისა, ვინ როგორ აფასებს, კრიზისიდან გამოსავალი ახალი, ნორმალური არჩევნების გარეშე ვერ მოინახება
გიგა ბოკერია - მიუხედავად იმისა, ვინ როგორ აფასებს, კრიზისიდან გამოსავალი ახალი, ნორმალური არჩევნების გარეშე ვერ მოინახება

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ფაქტია, რომ ამ დროისთვის პოლიტიკური მხარეები შეთანხმებული არ არიან, რაც ქვეყნისთვის ცუდია.

ბოკერიას თქმით, მათი ამოცანები უცვლელია და ვიდრე ხელისუფლება გონს არ მოეგება, პოლიტიკური კრიზისის პირობებში ვითარება გამწვავდება.

გიგა ბოკერია შემდეგი საპარლამენტო არჩევნების 2024 წელს ჩატარებასთან დაკავშირებით პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„ივანიშვილის წარმომადგენლებს ერთი დადებითი მხარე ის აქვთ, რომ მათ სიტყვებს ფასი არ აქვს. ამ სიტყვებისგან საბოლოო ჯამში ვერაფერს ვიჯერებთ. ამ მომენტისთვის რომ არ გვაქვს შეთანხმება, ეს ფაქტია და  ცუდია ქვეყნისთვის. ეს აჩვენებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი ძალიან არაადეკვატურად აფასებს ვითარებას. ეს არ ცვლის ჩვენს ამოცანებს.  გაგრძელდება იგივე პროცესი ქვეყნის შიგნით პროტესტის და საბოლოო ჯამში ქვეყნის გარეთ წნეხის ზრდის, ამა თუ იმ ფორმით, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

როცა მიხვდებიან, როცა გონს მოვლენ, მაშინ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, მაშინ იქნებიან პოლიტპატიმრები თავისუფლები და მაშინ  გვექნება გარდატეხა. ვიდრე გონს არ მოვლენ, მანამდე გამწვავდება, მშვიდობიან ფორმებში რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკური კრიზისის პირობებში. ანუ, დღეს რომ ეს თქვა ღარიბაშვილმა, არ ნიშნავს, რომ მაზეგ ვერ იტყვის რამეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, ბოკერია აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო, საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით სრულფასოვანი მისიები ვერავინ გამოაგზავნა.

„იმის გამო, რომ იყო კოვიდი, სრულფასოვანი მისიები არჩევნებზე ვერავინ ვერ გამოაგზავნა, ლიმიტირებული მისია ერქვა. სამწუხაროდ, ევროკავშირი ეყრდნობა ოდირის დასკვნის პირველ ნაწილს. მიუხედავად იმისა, რომ ოდირს ბევრი კრიტიკული რამ ჰქონდა ნათქვამი, საბოლოო შეფასება არ ჰქონდა ადეკვატური, დიდი ხანია, ასეთია ოპოზიციის, „ევროპული საქართველოს“ და ჩემი პოზიცია, ეს უბრალოდ ჩავლილი ამბავია. ეს კრიზისი ამის შემდეგ გაგრძელდა და ევროკავშირის იმავე კომუნიკეში  არის წუხილი კრიზისზე, რომელიც შექმნილია. იმისდა მიუხედავად, ვინ როგორ აფასებს და რამდენად დარღვევით იყო წინა არჩევნები, ამ კრიზისიდან გამოსავალი ახალი, ნორმალური არჩევნების გარეშე ვერ მოინახება.

ამას სჭირდება ვითარების პოლიტპატიმრებზე გადაკვეთა, რაც მიშელს აქვს ჩარჩო დოკუმენტში. რაც შეეხება ორივე მხრიდან კომპრომისებს, დიახ, ოპოზიცია მზად არის, ამ არალეგიტუმურ პარლამენტში შევიდეს, თუ გვაქვს შეთანხმება ვადამდელ არჩევნებზე, პოლიტპატიმრებზე და საარჩევნო პაკეტზე, რომ მივიღოთ მონაწილეობა ნორმალური არჩევნების მომზადებაში. ყველა სხვა საკითხი თუ წყდება, პოლიტპატიმრები თუ თავისუფლები არიან, საარჩევნო სისტემაზე და ყველა იმ პუნქტზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ნაბიჯები არის გადადგმული, პირდაპირ ვადამდელზე შეთანხმებაა ლოგიკური, მაგრამ მაშინ ჩვენ მზად ვართ პლებისციტისთვის, თუ ეს არის საჭირო იმისთვის, რომ კომპრომისი იყოს“, – განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ საბოლოოდ ვადამდელი არჩევნების გარეშე ვითარება არ განიმუხტება.

„ჩვენს დათმობაზე არ არის, უბრალოდ შეუძლებელია, არ განიმუხტება ვითარება სხვანაირად. როცა ამდენი რამე მოხდა, როცა გადაგა ის პრემიერ- მინისტრი, რომელმაც გულწრფელად მისცა ხმა „ოცნებას“, მის ხედვას, მერე ყველაზე მსხვილი ოპოზიციის ლიდერი დაიჭირეს და ამხელა ამბავი არის, მათ შორის სხვადასხვა სიმწვავის საერთაშორისო ზვავია, ვის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ნორმალურად იცხოვრებს ეს ქვეყანა ვადამდელის, პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დატოვე კომენტარი