გიგა ბოკერია - მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი ლიდერი იყო, „ევროპულ საქართველოს“ გააზრებული გვაქვს, რა იყო არასწორი და რა უნდა გაკეთდეს სხვანაირად
გიგა ბოკერია - მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი ლიდერი იყო, „ევროპულ საქართველოს“ გააზრებული გვაქვს, რა იყო არასწორი და რა უნდა გაკეთდეს სხვანაირად

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას თქმით, „ევროპული საქართველო“ იღებს ვალდებულებებს, რას გააკეთებს არჩევნების შემდეგ და რას არ გააკეთებს.

გიგა ბოკერიას თქმით, გადასახადებისა და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწის ხალხისთვის გადაცემა, სასამართლო რეფორმა და რეალური თვითმმართველობა, თითოეულ ოჯახს მოუტანს მეტ კეთილდღეობას და პარტია, ლიდერების ხელმოწერით, იღებს ამ რეფორმების შესრულების ვალდებულებას.

ასევე ბოკერიამ აღნიშნა, რომ როგორც „ქართული ოცნება“, ისე „ნაციონალური მოძრაობა“ ახდენს თავდასხმას პროპაგანდის გზით „ევროპულ საქართველოზე“, რომ თითქოს, ერთი მხრივ, პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთადაა და, მეორე მხრივ, „ქართულ ოცნებასთან“ არის შეკრული.

როგორც ბოკერია ამბობს, „ევროპული საქართველო“ იღებს პოლიტიკურ ვალდებულებას, რომ ისინი არ შეუქმნიან კოალიციას „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს და არ დაუჭერენ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე.

„ივანიშვილი და მისი პოლიტიკური კლოუნების გარემოცვა ცდილობს, შეინარჩუნოს დღევანდელი ჭაობი, რომელიც კატასროფას უქადის ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენ ამას ვხედავთ ყველა ოჯახში, ერთი და იგივე სურათია, უიმედობის, ფეხებზე დაკიდების და იმის, რომ დღევანდელი ვითარება არანაირი წინსვლის შანსს არ აძლევს ჩვენს ქვეყანასა და ოჯახებს .

სააკაშვილსა და მის გარემოცვას სურს 2012 წლამდე პერიოდში დაბრუნება, წარსულში და ამ ნოსტალგიით არის შეპყრობილი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვიყავით და ის ჩვენი ლიდერი იყო, „ევროპულ საქართველოს“ გააზრებული გვაქვს, რა იყო არასწორი და რა უნდა გაკეთდეს სხვანაირად. გარდამტეხი ცვლილებები სწორედ იმაშია, რომ უკან კი არ ვიყუროთ და მხოლოდ ივანიშვილი ჩამოვიცილოთ და მერე ვთქვათ, რომ რაღაცა იქნება, არამედ გვქონდეს მწყობრი გეგმა, გეზი და კომპასი, რაც არის ჩვენს ხელშეკრულებასა და ვალდებულებათა ბარათში.

მთავრობა, რომელიც ემსახურება მოქალაქეებს, ძალიან მცირედით კმაყოფილდება და დანარჩენს უტოვებს ჩვენს ოჯახებს, რათა ჩვენ საკუთარი შრომით მოვიპოვოთ ბედნიერება და კეთილდღეობა. ეს არის სწორედ გადასახადების დაწევა, კერძო საკუთრება, თავისუფალი სასამართლო ნაფიცი მსაჯულებით და რეალური თვითმმართველობა. ეს არის „ევროპული საქართველოს“ გეზი და სწორედ „ევროპული საქართველო“ ორივე მხრიდან თავდასხმის ქვეშ არის. „ოცნების“ და ივანიშვილის პროპაგანდა ჩვენზე იძახის, რომ ეს იგივე „ნაციონალური მოძრაობაა“, რადგან ეშინიათ ჩვენი ხედვის და იმ გარდამტეხი ცვლილებების, რომელთაც ჩვენ, „ევროპული საქართველო“, მოვიტანთ. სააკაშვილის პროპაგანდა, იგივე ნიაღვრით გვაბრალებს შეკვრას „ოცნებასთან“, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა ამომრჩეველმა იცოდეს ჩვენი ვალდებულებები, რას გავაკეთებთ და რას არ გავაკეთებთ“, – აცხადებს გიგა ბოკერია.