გიგა ბოკერია პანკისის ხეობის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს
გიგა ბოკერია პანკისის ხეობის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პანკისის ხეობის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

გიგა ბოკერიას თქმით, პანკისის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.

„სახიფათო და მძიმე ვითარებაა ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, მოვუწოდო პანკისელ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ. დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ძალადობა პოლიციელების მიმართ, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობა ამ ვითარებაზე და იმაზე, რომ აქამდე მივიდა ეს ვითარება, ეკისრება ივანიშვილის ხელისუფლებას მისი გაუაზრებელი და არათანმიმდევრული პოლიტიკის გამო. ეს არ ეხება მხოლოდ ჰესებს, თუმცა ვნახეთ, რომ ჰესებთან მიმართებითაც არ არის მათი პოლიტიკა თანმიმდევრული. წლებია, ვაფრთხილებთ ხელისუფლებას პანკისში შექმნილი პრობლემების თაობაზე. იქ ხელისუფლების ლეგიტიმურობას აქვს ძირი გამოთხრილი და ესაა ცუდი ქვეყნისთვის“,- განაცხადა ბოკერიამ.

პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მორიგი დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაპირისპირების შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელს. დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს რვა თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში.

პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.