გიგა ბოკერია - მიხეილ სააკაშვილსა და მის გარემოცვას, როგორც ჩანს, 2012 წლამდე დაბრუნება სურთ, ჩვენ კი წინსვლა გვინდა
გიგა ბოკერია - მიხეილ სააკაშვილსა და მის გარემოცვას, როგორც ჩანს, 2012 წლამდე დაბრუნება სურთ, ჩვენ კი წინსვლა გვინდა

მიხეილ სააკაშვილსა და მის გარემოცვას, როგორც ჩანს, 2012 წლამდე დაბრუნება სურთ, ჩვენ კი წინსვლა და გარდამტეხი ცვლილებები გვინდა, – ამის შესახებ ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ჩვენთან მიმართებაში ქვეყანაში ცვლილებების საჭიროებაა და არა უკან წასვლაზე ფიქრი, ან მით უმეტეს, დღევანდელი კატასტროფული მდგომარეობის შენარჩუნება“, – განაცხადა ბოკერიამ.

ამ განცხადებით გიგა ბოკერიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, დგას თუ არა „ევროპული საქართველოსთვის“ ხელისუფლებაში დაბრუნების საჭიროება იმისთვის, რომ ძველი შეცდომები გამოსწორდეს, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

გიგა ბოკერიამ ასევე განაცხადა, რომ მთავრობას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უზარმაზარი ხარჯები აქვს და ასეთი გაჭირვების დროს ამ ხარჯებზე დროებით უარი უნდა ითქვას“, თუ საუბარი არ არის გარედან მოზიდულ ინვესტიციაზე.

„როცა „კოვიდ-19“-ის პანდემიაა და საშუალო ბიზნესი წელში წყდება, ამის ხარჯზე მათ უნდა დაეწიოთ გადასახადები და ამის ხარჯზე ყველაზე გაჭირვებულს უნდა გაეზარდოს დახმარება“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ პროგრამით 2021 წელს დევნილებზე, საპენსიო თუ სოციალურ შემწეობებზე ექვს მილიარდამდე ლარი იქნება გამოყოფილი.

„ოღონდ, თუ პანდემიის ვითარება გვიგრძელდება, მაშინ, როცა მთავრობამ დროულად არ მიიღო ზომები და მეწარმეებს და დაქირავებულებს წნეხი არ შეუმცირა, ჩვენ მოგვიწევს საერთაშორისო დახმარებაზე მუშაობა და სადღაც, ერთ მილიარდ დოლარამდე დახმარება თუ ვიშოვეთ, ეს საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო რადიკალური ნაბიჯები გადავდგათ – ვინც სამსახური დაკარგა, იმათ მივცეთ საშუალება, რომ რაღაც დროის განმავლობაში ჰქონდეს შემოსავალი, როგორც ევროპული ქვეყნები მოიქცნენ“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ნორმალურ ვითარებაში ეს სწორი არ არის, მაგრამ ახლა სხვაგვარი ვითარებაა.

„ნორმალურ ვითარებაში ეს არ უნდა ქნა, მაგრამ ჩვენ ახლა ისეთ ვითარებაში ვართ, რომ თუ წელში გაწყდა საშუალო კლასი, რომელიც გადასახადებს იხდის, რის ხარჯზეც მთელ ამ ბიუროკრატიას ვინახავთ და რის ხარჯზეც ხდება სოციალური დახმარებები, მაშინ ჩვენ კატასტროფა გვექნება და როცა ასეთი სტიქიური უბედურებაა, მაშინ ღირს, რადიკალურ ზომებზე წახვიდე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.